გემის ჩაძირვა

წითელ ზღვაში ტურისტული დანიშნულების გემი ჩაიძირა – დაკარგულია 17 ადამიანი

ეგვიპტის ხელისუფლების ცნობით, წითელ ზღვაში ტურისტული დანიშნულების გემი ჩაიძირა და 17 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათივე ცნობით, მაშველებმა 28 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

ტურისტულმა გემმა პორტი კვირას დატოვა, საზღვაო კატასტროფის შესახებ კი სამაშველო სამსახურში ცნობა ადგილობრივი დროით 05:30 საათზე შევიდა. 

5-დღიან ყვინთვის ტურში მონაწილეობის მიზნით გემზე 31 ტურისტი იყო, მათთან ერთად კი ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა. 

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მაშველების მიერ გადარჩენილი ტურისტები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და შესაბამის დახმარებას იღებენ.

დაკარგული ტურისტების ძებნაში მაშველებთან ერთად, ეგვიპტის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი და სამხედრო ავიაციის ძალები მონაწილეობენ.

კომენტარები