ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის შეფასებით, "ბნელი მომენტი დადგა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), რომლითაც მან დაკარგა თავისი არსებობისა და საქმიანობის ყოველგვარი ლეგიტიმაცია". საარის განცხადებას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.
"ჰააგის სასამართლომ იმოქმედა, როგორც პოლიტიკურმა ინსტრუმენტმა ყველაზე ექსტრემალური ძალების სამსახურში, რომლებიც ძირს უთხრიან მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში. ამ ეგრეთ წოდებულმა "სასამართლომ“ აბსურდული და არაავტორიზებული დაკავების ორდერები გასცა ისრაელის პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრ გალანტზე, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არ არის სასამართლოს წევრი.
ეს ორდერი არ არის მხოლოდ მათ წინააღმდეგ მიმართული პირადი თავდასხმა, არსებითად, ეს არის თავდასხმა ისრაელის უფლებაზე, დაიცვას საკუთარი თავი. ეს არის თავდასხმა მსოფლიოში ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფ და მიზანში ამოღებულ ერზე - ასევე ერთადერთ ქვეყანაზე რეგიონში, რომლის წინააღმდეგაც ღიად მოუწოდებენ და მოქმედებენ სხვა ქვეყნები, რომელთაც მისი განადგურება სურთ.
მორალური თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ეთიკურ რღვევას, რომელიც სიკეთეს ბოროტებად აქცევს და ემსახურება ბოროტ ძალებს.
პოლიტიკური თვალსაზრისით, ორდერის გაცემა იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, არის ჯილდო და წახალისება იმ ბოროტული ძალების, რომელიც უხეშად და თანმიმდევრულად არღვევს მას.
ყველა ღირსეულმა ერმა და მორალის მქონე ადამიანმა მსოფლიოში, ცალსახად უნდა უარყოს ეს უსამართლობა" - ნათქვამია განცხადებაში.
21 ნოემბერს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ღაზაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულების ბრალდებით, ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაკავების ორდერი გასცა.
"სასამართლოს კოლეგიამ მიიჩნია, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ორივე პირმა განზრახ და შეგნებულად წაართვა ღაზაში მცხოვრებ მშვიდობიან პირებს მათი გადარჩენისთვის აუცილებელი წყაროები, მათ შორის, საკვები, წყალი, მედიკამენტები და სამედიცინო მარაგები. ასევე, საწვავი და ელექტროენერგია". - წერს კოლეგია ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებაში.
ასევე, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით სასამართლომ ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერიც გამოსცა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დეიფი ივლისში საჰაერო დარტყმების შედეგად მოკლეს.





