თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ თსუ-ს რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას მხოლოდ საჯარო სივრცეში, კრიტიკული მედიების თანდასწრებით განიხილავენ, სადაც "რექტორისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს შეეძლება".
"ვეხმაურებით ჯაბა სამუშიას შემოთავაზებას თსუ-ის სტუდენტებთან შეხვედრის თაობაზე.
ჯაბა სამუშიას სრული პასუხისმგებლობა ეკისრება:
სტუდენტებისათვის უნივერსიტეტის კარის ჩაკეტვაზე;
ისტორიულ კორპუსში საპოლიციო ძალების განლაგებასა და მათთვის კომფორტის შექმნაზე;
უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებზე ძალადობაზე.
მნიშვნელოვანია, რომ მისი პასუხისმგებლობა დადგეს არა მხოლოდ აკადემიური საბჭოს, არამედ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშეც. უნივერსიტეტის რექტორმა პირველ რიგში უნივერსიტეტის სტუდენტების კითხვებს უნდა უპასუხოს.
რექტორთან შეხვედრას ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს აზრი, თუ ის საჯარო სივრცეში, კრიტიკული მედიების თანდასწრებით გაიმართება და რექტორისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს შეეძლება". - წერენ სტუდენტები.
19 ნოემბერს გამთენიისას შსს-მ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალა. ამის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს.