ირანის რეჟიმი

ირანი: სტუდენტის წინააღმდეგ, რომელმაც უნივერსიტეტის წინ გაიხადა, საქმე არ აღძრულა

ირანის სასამართლოს სპიკერის, ასგარ ჯაჰანგირის თქმით, სტუდენტის წინააღმდეგ, რომელმაც უნივერსიტეტის წინ პროტესტის ნიშნად ტანსაცმელი გაიხადა, საქმე არ აღძრულა და ის ოჯახს გადასცეს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ის საავადმყოფოში გაგზავნეს და დადგინდა, რომ ავად იყო, ის ოჯახს გადასცეს და მის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი საქმე არ აღძრულა". - თქვა სასამართლოს სპიკერმა.

აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენციაზე სასამართლოს სპიკერმა სტუდენტის სახელი არ დააკონკრეტა.

ნოემბრის დასაწყისში ირანში სტუდენტი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ჩაცმულობის მკაცრი კოდექსის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ისლამური აზადის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ტანსაცმელი გაიხადა. Amnesty Iran-ის ინფორმაციით, ქალმა პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ირანის "მორალის პოლიციამ" მას ჰიჯაბის "არასწორად ტარების" გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ქალის დაკავების შემდეგ ირანის რეჟიმი აცხადებდა, რომ მას ფსიქიკური აშლილობა აქვს და სამკურნალო ცენტრშია გადაყვანილი.

კომენტარები