ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია დათანხმდა დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას წინადადებას, რომ მისი გადადგომის შემთხვევაში ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად მოქმედი დე ფაქტო ვიცეპრეზიდენტი, ბადრი გუნბა დაინიშნოს. ამის შესახებ ე.წ. ოპოზიციური პარტია "აფხაზი ხალხის მოძრაობის" თავმჯდომარემ, ადგურ არძინბამ განაცხადა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა TACC ავრცელებს.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პრეზიდენტის მოვალეობა მოქმედმა ვიცეპრეზიდენტმა [ბადრი გუნბამ] შეასრულოს, თუმცა მინისტრთა კაბინეტიდან ყველა უნდა გადადგეს. პრემიერმინისტრად [ოპოზიციონერი] დაინიშნება, რათა აღმასრულებელი ხელისუფლება დაბალანსდეს და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსი მმართველი პარტიის სასიკეთოდ არ იქნას გამოყენებული". - თქვა არძინბამ.
გუშინ, ე.წ. ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქციის ფონზე, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ თანამდებობიდან გადადგებოდა და ე.წ. რიგგარეშე არჩევნებს ჩაატარებდა იმ შემთხვევაში, თუ დე ფაქტო ოპოზიცია ე.წ. სახელმწიფო შენობათა კომპლექსს დატოვებდა. ამის საპასუხოდ არძინბამ თქვა, რომ ბჟანიას მოწოდება "მიუღებელია", ვინაიდან მას "[თანამდებობის დატოვების] გამოცხადება ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია".
ბჟანიამ ასევე თქვა, რომ შესაძლო ე.წ. არჩევნებში თვითონაც მიიღებს მონაწილეობას. სწორედ მისი შეთავაზება იყო ოპოზიციისადმი, რომ გადადგომის შემთხვევაში ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი მარიონეტ ვიცეპრეზიდენტს, ბადრი გუნბა დაეკავებინა.
მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო ოპოზიციის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭო და ე.წ. მთავრობა მარიონეტი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
მოლაპარაკებების პარალელურად ე.წ. ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, კან კვარჩიამ პროტესტის მონაწილეებს მიმართა. მისი თქმით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. მთავრობამ დე ფაქტო ოპოზიციას შესთავაზა, რომ ბჟანიას გადადგომის შემდეგ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი მარიონეტ ვიცე-პრეზიდენტს, ბადრი გუნბას დაეკავებინა, პრემიერმინისტრად კი ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი დანიშნულიყო.
კვარჩიამ თქვა, რომ საკოორდინაციო საბჭოსთვის ეს ვერსია "პრინციპის" გამო მიუღებელი იყო და ე.წ. მთავრობას საპასუხოდ ორი ვარიანტი შესთავაზა: ბჟანიას გადადგომის შემდეგ ე.წ. პრეზიდენტისა და ე.წ. პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად მარიონეტული რეჟიმის პარლამენტის სპიკერის, ლაშა აშუბას დანიშვნა, ან მესამე კომპრომისული ფიგურის პოვნა, რომელიც ე.წ. პრემიერისა და ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებდა.
შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, სოხუმში მომიტინგეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომიტინგეების ეზოში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე შენობა დატოვა თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.
დე ფაქტო ოპოზიციამ ე.წ. სახელმწიფო შენობათა კომპლექსი დაიკავა. აქციის მონაწილეები ბჟანიას გადადგომას ითხოვენ.
11 ნოემბერს ე.წ. ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, მარიონეტული რეჟიმი აცხადებდა, რომ "მათ ჩაიდინეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ". საუბარია, ალმას აქაბაზე.
ოპოზიციონერების დაკავებას სოხუმში საპროტესტო აქციები მოჰყვა, მომიტინგეებმა ჩაკეტეს სოხუმისკენ მიმავალი სამივე ხიდი – კოდორის, გუმისთისა და ქვემო გუმისთის ხიდები. დაკავებულების გათავისუფლების შემდეგ კი მომიტინგეებმა გუმისთის ხიდი გახსნეს, რომელზეც ოკუპირებული რეგიონის ცენტრალური გზატკეცილი გადის.
საპროტესტო აქციების ფონზე აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ ოპოზიციის წარმომადგენლები გაათავისუფლა.
ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური პარტიის, სახალხო ერთობის ფორუმის ერთ-ერთი ლიდერის, ასლან ბარციცის თქმით, დაკავების დროს მისი კოლეგები გუდაუთიდან ბრუნდებოდნენ, სადაც მოქალაქეებს შეხვდნენ და რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმებაზე ისაუბრეს.
აფხაზური ოპოზიცია რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას ეწინააღმდეგება და განხილვის პარალელურად, 15 ნოემბერს დე ფაქტო პარლამენტთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა.
"რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან" დაკავშირებული კანონის მიზანი მარიონეტული რეჟიმის განმარტებით, "საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა, ეკონომიკის შემდგომი განვითარება და მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებაა".
ოპოზიციის წარმომადგენლები კი ხაზს უსვამენ, რომ კანონპროექტი რუს ინვესტორებს პრივილეგიებს აძლევს, მათ შორის, განსაზღვრული დროით ათავისუფლებს დღგ-სგან, აძლევს ე.წ. საბაჟო გადასახადის გარეშე მუშაობის საშუალებას და ითვალისწინებს, ოკუპირებულ რეგიონში რუსული ბანკის გახსნას, რომლითაც საინვესტიციო თანხები იმოძრავებს.
ამასთან, კანონპროექტის მიღების წინ დე ფაქტო პარლამენტმა "მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ" მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ორი მოსმენით უკვე მიიღო. ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, მარიონეტული რეჟიმი ცდილობს "მრავალფუნქციური ცენტრების მშენებლობის" შესახებ ჩანაწერით, დააკანონოს ივლისში გაწვეული "აპარტამენტების კანონი", რომელიც, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის უფლებას მოიცავდა.





