ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ თანამდებობიდან გადადგება და ე.წ. რიგგარეშე არჩევნებს ჩაატარებს იმ შემთხვევაში, თუ დე ფაქტო ოპოზიცია ე.წ. სახელმწიფო შენობათა კომპლექსს დატოვებს.
ბჟანიამ ასევე თქვა, რომ შესაძლო ე.წ. არჩევნებში თვითონაც მიიღებს მონაწილეობას. მისივე თქმით, გადადგომის შემთხვევაში ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტს მარიონეტი ვიცე-პრეზიდენტი, ბადრა გუნბა დაიკავებს.
ბჟანიას ვიდეო ადგილობრივ Telegram-არხებზე ვრცელდება.
"2014 წლის სცენარი არ გამეორდება.
პარლამენტის დეპუტატებზე კოლოსალური ზეწოლაა, რომ პარლამენტმა არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღოს პრეზიდენტის გადაყენების შესახებ. ეს გადაწყვეტილება, ერთი, მიღებული არ იქნება და მეორე, მიღებული რომც იყოს, არც კი განხორციელდება. [...]
მათ, ვინც ხელში ჩაიგდეს, მათ, ვინც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადეს, შენობათა კომპლექსი უნდა დატოვონ, რის შემდეგაც მზად ვარ, რომ არჩევნები დავნიშნო, მზად ვარ, რომ გადავდგე, ქვეყანას ვიცე-პრეზიდენტი წარმართავს და გამოვალ არჩევნებზე და, დაე, ხალხმა გადაწყვიტოს, ვის დაუჭერს მხარს". - თქვა ბჟანიამ.
დე ფაქტო ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა, ადგურ არძინბამ ბჟანიას განცხადების შესახებ პროტესტის მონაწილეებს მიმართა. ე.წ. ოპოზიცია ბჟანიას პირობებზე უარს ამბობს.
მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო ოპოზიციის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭო და ე.წ. მთავრობა მარიონეტი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
მოლაპარაკებების პარალელურად ე.წ. ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, კან კვარჩიამ პროტესტის მონაწილეებს მიმართა. მისი თქმით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. მთავრობამ დე ფაქტო ოპოზიციას შესთავაზა, რომ ბჟანიას გადადგომის შემდეგ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი მარიონეტ ვიცე-პრეზიდენტს, ბადრა გუნბას დაეკავებინა, პრემიერმინისტრად კი ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი დანიშნულიყო.
კვარჩიამ თქვა, რომ საკოორდინაციო საბჭოსთვის ეს ვერსია "პრინციპის" გამო მიუღებელი იყო და ე.წ. მთავრობას საპასუხოდ ორი ვარიანტი შესთავაზა: ბჟანიას გადადგომის შემდეგ ე.წ. პრეზიდენტისა და ე.წ. პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად მარიონეტული რეჟიმის პარლამენტის სპიკერის, ლაშა აშუბას დანიშვნა, ან მესამე კომპრომისული ფიგურის პოვნა, რომელიც ე.წ. პრემიერისა და ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებდა.
შეგახსენებთ, რომ რუსული სამთავრობო გამოცემა TACC-ის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. ოპოზიციის პროტესტის ფონზე სოხუმი დატოვა და მშობლიურ სოფელ ტამიშში იმყოფება. TACC-ის ინფორმაციას ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
15 ნოემბერს, სოხუმში მომიტინგეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომიტინგეების ეზოში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე შენობა დატოვა თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.
დე ფაქტო ოპოზიციამ ე.წ. სახელმწიფო შენობათა კომპლექსი დაიკავა. აქციის მონაწილეები ბჟანიას გადადგომას ითხოვენ.
11 ნოემბერს ე.წ. ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, მარიონეტული რეჟიმი აცხადებდა, რომ "მათ ჩაიდინეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ". საუბარია, ალმას აქაბაზე.
ოპოზიციონერების დაკავებას სოხუმში საპროტესტო აქციები მოჰყვა, მომიტინგეებმა ჩაკეტეს სოხუმისკენ მიმავალი სამივე ხიდი – კოდორის, გუმისთისა და ქვემო გუმისთის ხიდები. დაკავებულების გათავისუფლების შემდეგ კი მომიტინგეებმა გუმისთის ხიდი გახსნეს, რომელზეც ოკუპირებული რეგიონის ცენტრალური გზატკეცილი გადის.
საპროტესტო აქციების ფონზე აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ ოპოზიციის წარმომადგენლები გაათავისუფლა.
ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური პარტიის, სახალხო ერთობის ფორუმის ერთ-ერთი ლიდერის, ასლან ბარციცის თქმით, დაკავების დროს მისი კოლეგები გუდაუთიდან ბრუნდებოდნენ, სადაც მოქალაქეებს შეხვდნენ და რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმებაზე ისაუბრეს.
აფხაზური ოპოზიცია რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას ეწინააღმდეგება და განხილვის პარალელურად, 15 ნოემბერს დე ფაქტო პარლამენტთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა.
"რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან" დაკავშირებული კანონის მიზანი მარიონეტული რეჟიმის განმარტებით, "საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა, ეკონომიკის შემდგომი განვითარება და მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებაა".
ოპოზიციის წარმომადგენლები კი ხაზს უსვამენ, რომ კანონპროექტი რუს ინვესტორებს პრივილეგიებს აძლევს, მათ შორის, განსაზღვრული დროით ათავისუფლებს დღგ-სგან, აძლევს ე.წ. საბაჟო გადასახადის გარეშე მუშაობის საშუალებას და ითვალისწინებს, ოკუპირებულ რეგიონში რუსული ბანკის გახსნას, რომლითაც საინვესტიციო თანხები იმოძრავებს.
ამასთან, კანონპროექტის მიღების წინ დე ფაქტო პარლამენტმა "მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ" მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ორი მოსმენით უკვე მიიღო. ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, მარიონეტული რეჟიმი ცდილობს "მრავალფუნქციური ცენტრების მშენებლობის" შესახებ ჩანაწერით, დააკანონოს ივლისში გაწვეული "აპარტამენტების კანონი", რომელიც, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის უფლებას მოიცავდა.