ლექსო ლაშქარავას საქმე

საია 5 ივლისზე: მუხლზე, რომელზეც სასჯელს იხდიდნენ, ამნისტია წესით არ უნდა გავრცელებულიყო

საიას დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე ეხმაურება დღეს გავრცელებული ინფორმაციას, რომ ლექსო ლაშქარავას წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაში მხილებულმა მსჯავრდებულებმა ციხე დატოვეს. როგორც ქურდოვანიძე წერს, იმ მუხლზე, რომელზეც სასჯელს იხდიდნენ დავით კუტალაძე და თორნიკე დავლაშერიძე, ამნისტია წესით არ უნდა გავრცელებულიყო. 

"სასამართლო მათ მიმართ გამოყენებულ სანქციაში ისედაც ლმობიერი იყო და საქმის განხილვისას მოუხსნა ერთი მუხლი, რომელიც უფრო მძიმე სანქციას ითვალისწინებდა. ამის გამო მათ ციხე 2025 წლის ზაფხულში უნდა დაეტოვებინათ.

იმ მუხლზე, რომელზეც სასჯელს იხდიდნენ, ამნისტია წესით არ უნდა გავრცელებულიყო. საინტერესოა, სხვა რა საფუძვლით მიიღეს მათ შეღავათები. ამ კითხვით საჯაროდაც მივმართავთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და დამატებით წერილობითაც მივწერთ.

ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა 5 ივლისის მოვლენების სრული გამოძიება იყო და არა უკვე დასჯილი პირების შეღავათები. ძალადობის ორგანიზატორები ისევ დაუსჯელები არიან" - დაწერა ქურდოვანიძემ. 

დავით კუტალაძემ და თორნიკე დავლაშერიძემ, რომლებსაც 2021 წლის 5 ივლისს TBILISI PRIDE-ის მიერ ორგანიზებულ ღირსების მარშზე ტელეკომპანია TV პირველის აწ უკვე გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მიუძღოდათ ბრალი, საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი დავლაშერიძის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის ცნობით, დავლაშერიძე და კუტალაძე ამნისტიის შესახებ კანონის ფარგლებში გათავისუფლდნენ. მისივე თქმით, დავლაშერიძემ მე-15 პენიტენციური დაწესებულება, სადაც იგი სასჯელს იხდიდა, უკვე დატოვა.

კომენტარები