ლექსო ლაშქარავას საქმე

ლაშქარავას ცემაში დამნაშავე კუტალაძემ და დავლაშერიძემ საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს

ლექსო ლაშქარავა
TV პირველი

დავით კუტალაძემ და თორნიკე დავლაშერიძემ, რომლებსაც 2021 წლის 5 ივლისს TBILISI PRIDE-ის მიერ ორგანიზებულ ღირსების მარშზე ტელეკომპანია TV პირველის აწ უკვე გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მიუძღოდათ ბრალი, საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი დავლაშერიძის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის ცნობით, დავლაშერიძე და კუტალაძე ამნისტიის შესახებ კანონის ფარგლებში გათავისუფლდნენ. მისივე თქმით, დავლაშერიძემ მე-15 პენიტენციური დაწესებულება, სადაც იგი სასჯელს იხდიდა, უკვე დატოვა.

"მას ამნისტიის საფუძველზე [პატიმრობის ვადის] 1/6 მოაკლდა. საპატიმრო უკვე დატოვა". - უთხრა ნიკოლეიშვილმა ინტერპრესნიუსს. 

დავლაშერიძესა და კუტალაძეს სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. 

არსებული ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულება დატოვა 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულმა სხვა რამდენიმე პირმაც, თუმცა ჯერჯერობით მათი ვინაობა უცნობია. 2021 წლის 5 ივლისს მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და ჟურნალისტური საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით პატიმრობაში სულ 27 პირი იმყოფებოდა. 

კუტალაძესთან და დავლაშერიძესთან ერთად, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულები არიან აკაკი ნაკაშიძე, ოთარ გელაშვილი, ცოტნე ჩიხლაძე და გია გიგუაშვილიც. სასამართლომ მათაც 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 


2021 წლის 5 ივლისს TBILISI PRIDE-ს მიერ ორგანიზებული ღირსების მარში ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. 

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. თუმცა, პუტინისტური ჯგუფებისთვის გადამწყვეტი იყო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

ამის შემდეგ ორკები თავს დაესხნენ ოპერატორებს, ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ჯამში, მთელი დღის განმავლობაში 53 ჟურნალისტი დაშავდა. ზოგი მათგანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

TV პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც ცემის შედეგად სახის ძვლების მოტეხილობა, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები ჰქონდა და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. ლაშქარავას გარდაცვალებას საზოგადოებრივი პროტესტი და აქციები მოჰყვა. 17 ივლისს, ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ "ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ". მან მედიის პროტესტი კვლავ სააკაშვილისა და მისი რადიკალური ჯგუფის სპეკულაციად მოიხსენია. 

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღესვე, 11 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გადაადგილების ამსახველი კადრები გაავრცელა. უწყება ამტკიცებდა, რომ ლაშქარავა ჯერ აფთიაქში, შემდეგ ფონიჭალაში იყო, სახლში კი, მათივე მტკიცებით, სავარაუდოდ, არაფხიზელი დაბრუნდა. 24 სექტემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უწყება ლაშქარავას მონაცემების უსაფუძვლოდ დამუშავების გამო დააჯარიმა. საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2021 წლის ანგარიშში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი წერდა, რომ ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები მიმართული იყო ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაციის და არა გარდაცვალების მიზეზის დადგენისკენ.

კომენტარები