ადამიანის უფლებათა დამცველ კამპანიებში მონაწილე პირების თქმით, ირანელმა აქტივისტმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც რამდენიმე საათით ადრე გაფრთხილება გაავრცელა, რომ ციხეებიდან ოთხი პოლიტპატიმრის არ გათავისუფლების შემთხვევაში, თავს მოიკლავდა.
კიანუშ სანდჯარიმ, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის მოწინააღმდეგე ჟურნალისტი იყო, X-ზე დაწერა, რომ თავის მოკვლას აპირებდა, თუკი ხელისუფლება ორ მამაკაც და ორ ქალ პატიმარს არ გაათავისუფლებდა.
ადამიანების უფლებათა დამცველ კამპანიებში მონაწილე პირებისა და ორგანიზაციების თქმით, მოგვიანებით სანდჯარი ასეც მოიქცა. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა სოციალურ მედიაში გავრცელდა.
სანდჯარი ვეტერანი პოლიტიკური აქტივისტის ფატემე სეფეჰრის, 2022 წლის დემონსტრაციებზე მოკლული მოზარდის დედის ნასრინ შაქარამის, ასევე რეპერი თუმაი სალეჰისა და სამოქალაქო უფლებათა აქტივისტის არშამ რეზაის გათავისუფლებას ითხოვდა.
"თუკი მათ ციხეებიდან დღეს, ოთხშაბათს, 19:00 საათისთვის, არ გამოუშვებენ, და მათი გამოშვების ცნობა არ იქნება გამოქვეყნებული სასამართლოს ახალი ამბების საიტზე, მე ჩემს სიცოცხლეს დავამთავრებ ხამენეისა და მისი თანამზრახველების დიქტატურის წინააღმდეგ პროტესტში". - განაცხადა სანდჯარიმ.
მოგვიანებით, მან დაამატა, რომ "არავინ უნდა იყოს დაპატიმრებული მათი აზრების გამოხატვისთვის. პროტესტი ყველა ირანელი მოქალაქის უფლებაა".
"ჩემი სიცოცხლე ამ ტვიტის [პოსტის] შემდეგ დამთავრდება, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვკვდებით, და ვკვდებით სიცოცხლის, არა სიკვდილის, სიყვარულისთვის". - დაწერა მან X-ზე.
ინციდენტის შემდეგ ცნობილი არ იყო, თუ როგორ მოიკლა ირანელმა აქტივისტმა თავი. თუმცა, 13 ნოემბერს მას სურათი ჰქონდა გამოქვეყნებული, რომელშიც, როგორც ჩანს, იგი თეირანში შენობის მაღალი სართულიდან ქუჩას გადაჰყურებდა.





