ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია შეინარჩუნებს.
ABC News-ის, NBC News-ის, CNN-ის და სხვა გავლენიანი გამოცემების პროგნოზით, რესპუბლიკელები უმრავლესობისთვის საჭირო 218-მანდატიან ზღვარს გადალახავენ.
გამოცემების პროგნოზით, რესპუბლიკელებმა კონგრესში ამ დროისთვის მინიმუმ 218 მანდატის მოპოვება შეძლეს, ხოლო დემოკრატებმა - 208-ის. დარჩენილი 9 მანდატი 5 ნოემბრის არჩევნებში მიცემული ხმების სრულად დათვლის შემდეგ გადანაწილდება.
შედეგად, რესპუბლიკელები როგორც თეთრ სახლს, ასევე კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებენ. რესპუბლიკურმა პარტიამ 100-დან 53 მანდატით სენატში უმრავლესობა უკვე მოიპოვა.
აშშ-ს 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა და აშშ-ს ყოფილმა, 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 312 ხმა მიიღო.