აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მარკო რუბიოს დანიშნავს.
"ჩემთვის დიდი პატივია, გამოვაცხადო, რომ ფლორიდის სენატორი, მარკო რუბიო წარდგენილია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე. მარკო უაღრესად პატივცემული ლიდერია და ძლიერი ხმა თავისუფლებისთვის. ის ჩვენი ერის ძლიერი ქომაგი, ჩვენი მოკავშირეების ჭეშმარიტი მეგობარი და უშიშარი მეომარი იქნება, რომელიც ჩვენს მოწინააღმდეგეებთან არასდროს დაიხევს უკან. მოუთმენლად ველი მარკოსთან ერთად მუშაობას, რათა კვლავ დავუბრუნოთ ამერიკასა და მსოფლიოს უსაფრთხოება და დიდება!" - წერია ტრამპის ოფიციალურ განცხადებაში.
აქამდე, 12 ნოემბერს გამოცემა New York Times-მა გაავრცელა ცნობები, რომ ტრამპი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე რუბიოს კანდიდატურას განიხილავდა.
ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი სენატში რუბიოს ადგილზე დროებით შემცვლელს დანიშნავს. შემცვლელი თანამდებობას 2026 წლის სპეციალურ არჩევნებამდე დაიკავებს, რომელშიც გამარჯვების შემთხვევაში მისი ვადა კიდევ 2 წლით გახანგრძლივდება.
რუბიო სენატში 2010 წელს აირჩიეს და საგარეო პოლიტიკის მხრივ იგი ე.წ. "ქორად", ანუ ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრედ, ითვლება, განსაკუთრებით, ჩინეთის, ირანის, ვენესუელისა და კუბის მიმართ.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუბიო ამბობდა, რომ აშშ-მ "ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინას პუტინის დამარცხებაში დაეხმაროს". ხოლო წინა წელს რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს ინტერესშია, უკრაინას თავის დაცვაში დაეხმაროს, თუმცა მან ხაზი გაუსვა ევროპელი მოკავშირეების მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერად მეტის გაკეთების საჭიროებას. ბოლო პერიოდში მარკო რუბიოს ნათქვამი აქვს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი უნდა დასრულდეს, რაც წინასაარჩევნოდ დონალდ ტრამპის გზავნილიც იყო.
"მე რუსეთის მხარეს არ ვარ, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა ის არის, რომ როგორც უკრაინაში ომი მიმდინარეობს დასასრული მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმებაა და მე მსურს, და ჩვენ გვსურს და ჩემი აზრით, დონალდ ტრამპს სურს, რომ უკრაინას ამ მოლაპარაკებებზე მეტი ბერკეტი ჰქონდეს". - განაცხადა მან სექტემბერში NBC-სთან საუბრისას.
ამას გარდა, რუბიო ღაზაში მიმდინარე ომსა და ჰეზბოლას წინააღმდეგ თავდასხმებში ისრაელის მხარდამჭერი იყო. იგი ასევე NATO-ს მტკიცე მხარდამჭერად ითვლება. რუბიო წარსულში სენატის სადაზვერვო და საგარეო საქმეთა კომიტეტებში მსახურობდა.
რა ვიცით ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის შემადგენლობის შესახებ