არჩევნები 2024

წინასწარ, პოლიტიკური მოტივით შედგენილი კითხვები იყო - ბუაძე სასამართლოში გამოკითხეს

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ბუაძემ თქვა, რომ კითხვები პოლიტიკური მოტივით იყო შედგენილი.

"ეს არის წინასწარ, ძალიან კონკრეტული პოლიტიკური მოტივაციით შედგენილი კითხვები, რომლის მიზანია, რომ საბოლოოდ, ივანიშვილისა და რუსეთის სამსახურში მყოფი რომელიმე ურცხვი პროკურორი გამოვიდეს და ხალხს უთხრას, რომ მტკიცებულებები არ არსებობს". - თქვა ბუაძემ.

ბუაძემ ამბობს, რომ გამოკითხვის დროს, მან ერთ-ერთი ვიდეომტკიცებულება წარადგინა, სადაც საარჩევნო დარღვევაა ასახული.

"მაგალითად, ადგილი ჰქონდა საარჩევნო სიაში გარდაცვლილი ადამიანების შეყვანას, რაც ძალიან მძიმე დარღვევაა. დღეს მე კონკრეტული ფაქტი წარვადგინე, სადაც ვიდეოში აღბეჭდილია ერთ-ერთი გარდაცვლილი ადამიანის დედა, რომელიც ამბობს, რომ მისი შვილი 4 წელზე მეტია, დაიღუპა, თუმცა, ის სიაში მაინც იყო". - ამბობს ბუაძე.

ძლიერი საქართველოს წევრმა, ლევან სამუშიამ თქვა, რომ საბა ბუაძემ გამოკითხვის დროს, საარჩევნო დარღვევის კიდევ ერთი მტკიცებულება წარადგინა, რაც მისივე განცხადებით, არარსებულ მისამართზე ადამიანების სიაში ყოფნა გულისხმობს.

"არარსებული მისამართების გაჩენაზე - რა ვიცი, სოკოა, ნაწვიმარზე რომ ამოვიდეს კორპუსი? საბამ საჯარო რეესტრიდან ამოწერილი ინფორმაცია წარუდგინა, რაც ადასტურებს, რომ ის კორპუსი საერთოდ არ არსებობს, იქ კი ხალხია ჩაწერილი". - თქვა სამუშიამ.

სასამართლოში გამოკითხვაზე ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც იმყოფებოდა. ასევე, საქმეზე უკვე გამოკითხეს გახარია-საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.

პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, გამოძიება 47 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო -  არჩევნების გაყალბების, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის, საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის მოსყიდვის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან წინასაარჩევნო აგიტაციისას ძალადობის და მუქარის, ნივთის დაზიანების და განადგურების კვალიფიკაციით.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მომართვები, ასევე, მედიით გავრცელებული ინფორმაციები.

კომენტარები