საბერძნეთი

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც პოლიციელს თავს დაესხა და უკბინა, 18-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში, საქართველოს 49 წლის მოქალაქეს, რომელიც პოლიციელს თავს დაესხა და უკბინა, 18-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

პოლიციელმა სასამართლოს განუცხადა, რომ ეკიპაჟმა მამაკაცი საბუთების შესამოწმებლად გააჩერა, თუმცა, მან გაქცევა სცადა, შემდეგ კი მოქალაქეების დახმარებით ის შეაჩერეს და ხელბორკილები დაადეს. ამის შემდეგ, ის ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მან სამართალდამცველს თავი ჩაარტყა და ტუჩზე უკბინა.

პოლიციელის თქმით, დაკავებული განყოფილებაში ამბობდა, რომ მას C ჰეპატიტი აქვს. სამართალდამცველი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ანტიბიოტიკები დაუნიშნეს და ტეტანუსის აცრა გაუკეთეს.

ჩვენებიდან ირკვევა, რომ მამაკაცს თან აღმოაჩნდა ძარცვისთვის საჭირო ნივთები და სამი ჯაჭვი. ბრალდებულმა პროცესზე C ჰეპატიტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, ბრალდება კი უარყო.

"ვერ მივხვდი, რომ პოლიციელები იყვნენ. საბუთები არ მქონდა და გავიქეცი. წინააღმდეგობა არ გამიწევია და არაფერი ჩამიდენია. განყოფილების ლიფტში მან მე დამარტყა, მაგრამ მე მისთვის არ მიკბენია". - თქვა ბრალდებულმა პროცესზე.

კომენტარები