სამართლიანი არჩევნების (ISFED) დაკვირვებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მხარდამჭერ კამპანიაში ჩართული 7 ყალბი და 15 საეჭვო Facebook-პროფილი გამოიკვეთა.
"არაავთენტური ანგარიშები, რომელთა ნაწილიც სხვის იდენტობას იპარავს, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე კოორდინირებულად და მრავალჯერ აკომენტარებენ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ პოსტზე არაავთენტური ანგარიშების კომენტარები ხშირად იდენტური ან მსგავსი შინაარსისაა.
ყალბი და საეჭვო ანგარიშები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და კენჭისყრის პროცესში გამოყენებულ ელექტრონულ ტექნოლოგიებს დადებითად აფასებენ. მეორე მხრივ, ისინი ცდილობენ, არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მნიშვნელობა დააკნინონ და დეზინფორმაციად წარმოაჩინონ. ცესკოსა და მისი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, მიმართ პოზიტიური კომენტარების გავრცელების პარალელურად, არაავთენტური ანგარიშები თავს ესხმიან ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს, მათ შორის, ავრცელებენ ანტიდასავლურ გზავნილებს. პროფილები ხშირად ინტერაქციაში შედიან იმ ანგარიშებთანაც, რომლებიც ცესკოს პოსტებზე კრიტიკულ კომენტარებს წერენ - მათ არგუმენტებს უპირისპირდებიან და, ზოგ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელი შინაარსის პასუხს სცემენ.
აღსანიშნავია, რომ ცესკოს მხარდამჭერ კამპანიაში არაავთენტური პროფილების ჩართულობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშიც დაფიქსირდა, როდესაც რუსეთიდან მართულ სააგენტოსთან, "ნიუსფრონტთან" წარსულში დაკავშირებული ყალბი პროფილები ფეისბუქზე ცესკოს მხარდამჭერ კამპანიაში მონაწილეობდნენ. ცესკოს ფეისბუქგვერდზე არაავთენტური ანგარიშები ადმინისტრაციის მიმართ პოზიტიური კამპანიის საწარმოებლად აქამდეც გამოიყენებოდა, თუმცა მათი ჩართულობა საარჩევნო დღეებში ნაკლებად ფიქსირდებოდა. არაავთენტურმა ანგარიშებმა პოსტებზე ინტერაქციაში შესვლა განსაკუთრებით აქტიურად ოქტომბრის ბოლოდან დაიწყეს, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების განხილვა აქტიურად დაიწყო". - წერს ISFED.
ორგანიზაციის ცნობით, საეჭვო Facebook-ანგარიშების უმეტესობის შემთხვევაში პროფილის ფოტოების განთავსების დრო ერთმანეთს ემთხვევა, ამასთან, ანგარიშებს, ძირითადად, 2-3 ფოტო უდევთ, რომლებიც, უმეტესად, ერთსა და იმავე დღეს აქვთ გამოქვეყნებული და მათი ინტერაქციები მცირეა.
"გამოქვეყნებულ პოსტებზე კომენტარებში არაავთენტური ანგარიშები ცესკოს მხარდამჭერ კამპანიას აქტიურად აწარმოებენ. კერძოდ, ისინი მიუთითებენ, რომ არჩევნები ობიექტურად და ყველა წესის დაცვით ჩატარდა და ცესკომ მაღალი სტანდარტით იმუშავა. აქტიურად ვრცელდება ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, მხარდამჭერი კომენტარები. ამასთანავე, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმაზე, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები გამართული იყო, ხოლო ხმის ფარულობა - დაცული. კომენტარებში ხაზგასმულია, რომ არჩევნები საერთაშორისო მისიებმა დადებითად შეაფასეს". - ნათქვამია ISFED-ის ანგარიშში.
სამართლიანი არჩევნების დაკვირვება სრულად ნახეთ აქ.





