რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტრამპის გუნდი: პირი, რომელმაც ყირიმის დაბრუნება გამორიცხა, ტრამპს არ წარმოადგენს

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარდამავალი ადმინისტრაციის სპიკერმა თქვა, რომ ტრამპის კამპანიის მიერ დაქირავებული ბრაიან ლანზა, რომელმაც "რეალისტური მშვიდობის ხედვის" ფარგლებში უკრაინისთვის ოკუპირებული ყირიმის დაბრუნება გამორიცხა, ტრამპის სახელით არ საუბრობდა. 

პრეზიდენტის გარდამავალი ადმინისტრაციის სპიკერმა განმარტა, რომ ბრაიან ლანზა დონალდ ტრამპის 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიამ სტრატეგად დაიქირავა, თუმცა არჩეული პრეზიდენტის სახელით არ საუბრობს. 

"ბრაიან ლანზა კამპანიის კონტრაქტორი იყო. [...] ის პრეზიდენტ ტრამპისთვის არ მუშაობს და მისი სახელით არ საუბრობს". - თქვა დაუსახელებელმა სპიკერმა. 

აშშ-ში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ცვლილების პროცესი იწყება, რაც დროებით გარდამავალ ადმინისტრაციას ითვალისწინებს, რომელიც არჩეულ პრეზიდენტს ეხმარება. 

მანამდე, ბრაიან ლანზამ BBC-სთან საუბრისას თქვა, რომ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინაში მშვიდობის მიღწევას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს, ვიდრე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში დახმარებას. მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ზელენსკის "მშვიდობის რეალისტური ხედვის" მისეულ ვერსიაზე შეეკითხება, ოკუპირებული ყირიმის დაბრუნება კი რეალისტური ხედვის ნაწილი ვერ იქნება. 

"და თუ პრეზიდენტი ზელენსკი მაგიდასთან მოვა და იტყვის, რომ მშვიდობა გვექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყირიმი გვექნება, ამით გვაჩვენებს, რომ სერიოზული არ არის. [...] როცა ზელენსკი ამბობს, რომ ბრძოლას მარტო მაშინ შეაჩერებენ, მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება, როცა ყირიმს დაიბრუნებენ, ზელენსკისთვის ახალი ამბები გვაქვს: ყირიმი აღარ არის". - თქვა ლანზამ. 

ლანზამ დაამატა, რომ თუ ყირიმის დაბრუნება ზელენსკისთვის პრიორიტეტი იქნება, მაშინ მას აშშ მხარს აღარ დაუჭერს. 

"და თუ ეს თქვენი პრიორიტეტია, რომ ყირიმი დაიბრუნოთ და ყირიმის დასაბრუნებლად ამერიკელი ჯარისკაცები აბრძოლოთ, მაშინ თავს თავად მიხედეთ". - თქვა ლანზამ. 

ამ განცხადების საპასუხოდ, ზელენსკის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა თქვა, რომ ლანზა მშვიდობისკენ უკრაინას მოუწოდებს, როცა "პუტინი არის ის, ვისაც მეტი ომი სურს". 

"პუტინი თავისი ხალხის უმეტესობას ფრონტზე იერიშებში კარგავს. რაზე მიუთითებს ეს? აშკარაა, რომ მას ბრძოლის გაგრძელება სურს. [...] უკრაინა მშვიდობას 2022 წლიდან სთავაზობდა - ესენი საკმაოდ რეალისტური შეთავაზებებია და რუსეთია ის, რომელსაც უნდა გააგონონ, რომ მშვიდობა საჭიროა და ეს მშვიდობა სანდო უნდა იყოს, რომ რუსული იერიშები აღარ გამეორდეს". - თქვა ლიტვინმა. 

მანამდე, Axios ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარი ზელენსკისთვის გარკვეულწილად იმედისმომცემი იყო. ამასთან, გამოცემის თანახმად, მასში SpaceX-ის, Tesla-ს, Starlink-ისა და X-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკიც მონაწილეობდა, რომელიც ზელენსკის Starlink-ის მხარდაჭერის გაგრძელებას შეპირდა.

ტრამპის განცხადებები უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ არაერთმნიშვნელოვნად არის აღქმული.

ბუდაპეშტში EU-ს არაფორმალურ სამიტამდე უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე, ევროკავშირმა რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკას უნდა გადახედოს.

ტრამპს აქამდე უთქვამს, რომ მას, არჩევნებში მოგების შემთხვევაში, უკრაინაში ომის დასრულება "ძალიან სწრაფად" შეუძლია, რასაც პუტინთან მის "ძალიან კარგი ურთიერთობას" უნდა ვუმადლოდეთ. ამის შესახებ ტრამპმა პირობა დადო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 27 სექტემბრის შეხვედრაზეც.

მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ "აშშ-ს სათავისოდ ყველა ქვეყანა და, მათ შორის, მოკავშირეებიც იყენებენ".

"უმეტეს შემთხვევაში, ჩვენი მოკავშირეები უარესები არიან, ვიდრე ე.წ. მტრები". - თქვა ტრამპმა.

კომენტარები