არჩევნები 2024

ხაზარაძე: მინდა, ფიცივით გითხრათ, რომ ამ ბრძოლას არ გამოვეთიშები

ჩვენ აქ მოვედით დღეს იმ არსით, რომ ყველას გავაგონოთ, პირველ რიგში თბილისს, რომ რომელიმე პარტიას კი არ მოპარეს არჩევნები, ან რომელიმე ჯგუფს კი არ მოპარეს ხმა, ჩვენ მოგვპარეს, თითოეულ ქართველს, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, ხმა, წაგვართვეს ყველაზე მთავარი და ეს ყველაზე მთავარი არის ჩვენი ნების გამოხატულება. სანამ შენი ნების გამოხატულება არ არის დაცული, ასეთ ქვეყანაში არ არის თავისუფლება, არ არის დემოკრატია და არ არის მომავალი. 

ამიტომ, ჩვენ აქ ამ გმირებთან შევიკრიბეთ იმიტომ, რომ ყველას გავაგონოთ: გაიღვიძე თბილისო, გაიღვიძე საქართველო! გამოდი, გამოდი და არ დაუთმო რუს ოკუპანტს, რომლის წინააღმდეგაც ამ ბიჭებმა და გოგოებმა თავი დადეს, დადეს თავისუფლებისთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. 

აქედან იწყება, აქედან იწყება ყველაფერი. ამიტომ, მე მინდა, პირველად ვარ ამ ადგილას და მინდა, ფიცივით გითხრათ, რომ მე, ერთი რიგითი ქართველი, ამ ბრძოლას არ გამოვეთიშები, უკან არ დავიხევ, სანამ საქართველო არ მიიღებს იმას, რაც მას ეკუთვნის, სრული თავისუფლება, დემოკრატია და ევროპისკენ გზა. ეს არის ჩვენი ევროპა, ეს არის ჩვენი არჩევანი და ამ არჩევანს ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე. [...]

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია, ჩვენი ბრძოლა ჩვენი მისაყვანია ბოლომდე. ჩვენ ვხედავთ, რომ თითოეულ ჩვენს პროტესტს და ამ უდრეკ სულს მხარს უჭერს მთელი ცივილური სამყარო. თქვენ ხედავთ ამ მხარდაჭერას, მაგრამ ბრძოლა არის ჩვენი მოსაგები, მშვიდობიანად ახალი არჩევნების მოთხოვნით.

ამ პარლამენტს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ ექნება ლეგიტიმაცია. ბიძინა ივანიშვილს ეყოლება ის პრემიერი, რომელიც ჰეზბოლასთან დგას და ჰამასთან. ჩვენი არჩევანი ეს არ არის. ქართველი ხალხის არჩევანი არის თავისუფალი, დემოკრატიული სამყარო. 

თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საპროტესტო აქციაზე.

კომენტარები