არჩევნები 2024

ევროპული პარლამენტების კომიტეტები ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ

Stefan Wermuth/Bloomberg

ევროპის საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრები ერთობლივი წერილით ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ.

წერილში ხაზგასმულია, რომ ხელმომწერები "მტკიცედ დგანან ქართველი ხალხისა და მათი ევროპული არჩევანის მხარდამხარ" და ღრმა მწუხარებით აღნიშნავენ, "საქართველოს ბოლო დროინდელ დემოკრატიულ რეგრესს, მათ შორის, ანტიევროპული კანონმდებლობის მიღებას, რომელიც ზღუდავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებებს".

ამასთან, ევროპული საპარლამენტო კომიტეტების ლიდერები, ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ "26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა უპრეცენდენტო რაოდენობის ინციდენტებით და სისტემური დარღვევებით, რაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს". 

ერთობლივ წერილზე ხელმომწერები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ უზრუნველყონ, რომ:

– ყველა ბრალდება არჩევნების მანიპულაციის შესახებ (მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში), განსაკუთრებით, ამომრჩეველთა დაშინებისა და ხმების ყიდვის შესახებ არსებული ბრალდებები, უნდა იყოს გამჭვირვალედ გამოძიებული.

– ბრალდებების სიმძიმიდან გამომდინარე, მხოლოდ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას შეუძლია წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დროს მომხდარი ყველა დარღვევის გამოძიება და შეფასება.

– ხმის მიცემის პროტოკოლების ხელმისაწვდომობისა და საჯარო გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რათა თითოეულმა ამომრჩეველმა შეძლოს გადამოწმება, არის თუ არა მისი ხმის მიცემის ფაქტის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ზუსტი.

– იმ კანონმდებლობის გაუქმება, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.

გარდა ამისა, წერილზე ხელმომწერები მოუწოდებენ ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ.

"ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს სანქციები დაუწესონ საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო პროცესის დარღვევაზე, მათ შორის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში. 

ასევე მოვუწოდებთ ევროკავშირს, გაყინოს ყველა თანხა, რომელიც იხარჯება საქართველოს სახელმწიფო და საჯარო დაწესებულებებთან დახმარებისა და თანამშრომლობის პროექტებში, გარდა იმ თანხებისა, რომლებიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასა და კანონის უზენაესობის სტრუქტურების დამკვიდრებაზე. ამავე დროს, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, გაზარდონ ფინანსური დახმარება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.

ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. მოვუწოდებთ ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოს, გადაიხედოს საქართველოსთვის დაწესებული ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი და არ გამორიცხოს მისი სრული შეჩერების შესაძლებლობა, თუ ზემოთ ჩამოთვლილი პირობები არ შესრულდება.". - წერია განცხადებაში.

კომენტარები