არჩევნები 2024

საქართველოსთვის: ცესკოსთან ერთად, პროკურატურაც ჩაერთო მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში

პარტია გახარია საქართველოსთვის განცხადებით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე, "ხოლო პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას".

"როგორც მოსალოდნელი იყო, ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიების და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის პროცესში. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე, ხოლო პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას.

ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები განადგურდეს, რაც აზრს უკარგავს ნებისმიერ ობიექტურ გამოძიებას, ნამდვილი სიების გამოქვეყნებას, რაც თავის მხრივ სისხლის სამართლის დანაშაულია.

როგორც თავიდანვე ვამბობდით, ვერიფიკაციის აპარატები და მათში არსებული ინფორმაცია შესაძლოა იყოს გაყალბების მთავარი მტკიცებულება. ამიტომ ცდილობს პროკურატურა კონტროლის აღებას ყალბი გამოძიების ფარგლებში და ფაქტობრივად მძევლად აჰყავს როგორც მტკიცებულებები, ისე სიმართლის დადგენის მთლიანი პროცესი.

შეგახსენებთ, ცესკოს პერსონალურ მონაცემთა კანონი, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ავალდებულებდა ამ მონაცემების გასაჯაროებას. ამის ნაცვლად, ცესკო თითქმის 10 დღეა ინფორმაციას მალავს, არ ასახელებს შენახვის ვადას და პროკურატურასთან ერთად ხელს უწყობს მტკიცებულებების განადგურებას. ამის დასტურია შემდეგი:

  • 29 ოქტომბერს მოვითხოვეთ სიების გასაჯაროება;
  • 30 ოქტომბერს პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე ყალბი გამოძიება დაიწყო;
  • 1 ნოემბერს მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ მტკიცებულებების დაცვა;
  • 1 ნოემბერს ცესკოს თავმჯდომარემ იმედის ეთერში სწორედ პროკურატურისთვის გადაცემაზე გააკეთა მინიშნება.

სწორედ 1 ნოემბერს მიმართა პროკურატურამ ცესკოს. ანუ, ცესკო და პროკურატურა, ოცნებასთან ერთად, კოორდინირებულად მოქმედებდნენ". - წერს პარტია.

კომენტარები