3 ნოემბერს საფრანგეთში, Disney-სა და Pixar-ის ყოფილ ანიმატორს, 59 წლის ბალჰამ ბუშიბას ფილიპინებზე ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ორგანიზებასა და დაფინანსებისთვის 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
როგორც The Telegraph წერს, პროკურორებმა ბუშიბა 3-დან 15 წლამდე გოგონების გაუპატიურების ორგანიზებაში დაადანაშაულეს. მამაკაცი ასევე დამნაშავედ ცნეს ბავშვთა ტრეფიკინგში მონაწილეობისა და ბავშვთა პორნოგრაფიის რეგულარულ მოხმარებაში.
სამართალდამცავების ინფორმაციით, მამაკაცმა 2012-დან 2021 წლამდე შუალედში ათასზე მეტი ძალადობის აქტი მოაწყო. ბუშიბა ბავშვებზე სექსუალური ძალადობისთვის ადგილობრივებს ფულს უხდიდა, აძლევდა კონკრეტულ მითითებებს და ბავშვების გაუპატიურების სცენებს ვებკამერით, პირდაპირი ტრანსლაციით უყურებდა. როგორც დადგინდა, ამის სანაცვლოდ ბავშვების ოჯახები დამნაშავისგან 53 ათას დოლარს იღებდნენ.
დამნაშავეს თავად ორი შვილი ჰყავს.
თავის ბოლო სიტყვაში ყოფილმა ანიმატორმა დანაშაული აღიარა და მას "საშინელი" და "ამაზრზენი" უწოდა. "მე კარგად ვიაზრებ ყველაფერ, რაც გავაკეთე და ვთხოვ მსხვერპლებს შენდობას" - თქვა დამნაშავემ.
აქამდე, 2014 წელს ბალჰამ ბუშიბა 9 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობისთვის დამნაშავედ ცნეს, რისთვისაც მან 2 წლიანი პირობითი სასჯელი მოიხადა.
ბალჰამ ბუშიბა Disney Corporation-ისა და Pixar Animation Studio-ს ანიმატორია. მამაკაცი ისეთი საბავშვო მულტფილმების შექმნაში მონაწილეობდა, როგორიცაა რატატუი (Ratatouille), წარმოუდგენლები (The Incredibles) და მფრინავი სახლი (Up).





