მარნეულში, არჩევნების გაყალბების ფაქტზე დაკავებულ 2 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლემ, გვანცა ჩიქოვანმა გამოაცხადა.
პროცესზე სიტყვით გამოვიდა ერთ-ერთი ბრალდებული, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როვშან ისკანდაროვი.
"რაც შეეხება, რომ ამბობენ, გაყალბებაო - მე გაყალბება არ მჭირდება. ყველამ კარგად იცის, რომ სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში 17 000 ადამიანი ცხოვრობს და ყველა 100%-ით პატივს მცემს და 100%-ით ჩემ გვერდით არიან [...] ახლა, კამერაში და ვინმე რაღაც მონტაჟს აკეთებს და ამის გამო ციხეში უშვებენ, ესეც არ ვიცი, როგორ არის. იციან, რომ აქ არის ჩემი ავტორიტეტი და ამის გამო ასეთი საქმეებით მოდიან [...] ყველაფერი დაგეგმილი იყო. ამაში დარწმუნებული ვარ ღმერთის წინაშე და თქვენ წინაშე. იმედი მაქვს, ეს ნაცმოძრაობის სასამართლო არაა - ეს არის სამართლიანობის სასამართლო და მაღლა ღმერთს ვენდობი და დაბლა თქვენ". - თქვა ისკანდაროვმა.
26 ოქტომბერს, არჩევნების მიმდინარეობისას გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მარნეულში, 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენებს ყრიდნენ. მათ შორის იყო მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როვშან ისკანდაროვი.





