რუსული სამხედრო დაჯგუფება დათვები რუსი პოლიტიკოსის, როსკოსმოსის ყოფილი მეთაური დმიტრი როგოზინის ახალ ქვედანაყოფს, БАРС-САРМАТ-ს უერთდება. ინფორმაციას ჯგუფი საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
28 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანან დათვების მეთაური, ვიქტორ ერმოლაევი და დმიტრი როგოზინი, რომელიც ოკუპირებული ხერსონის ოლქის სენატორს წარმოადგენს. სწორედ უკრაინის ამ ოკუპირებული რეგიონის მარიონეტი ლიდერისა და როგოზინის თანამშრომლობით შეიქმნა БАРС-САРМАТ-ი.
"და, აი, დაიწყო ლეგენდარული ქვედანაყოფი დათვების ისტორიის ახალი თავი. ამჯერად Б.А.Р.С. САРМАТ-თან ტანდემში, რუსული პოლიტიკის მძიმეწონიანი ფიგურის, ნამდვილი პატრიოტისა და სახელმწიფო მოღვაწის, დმიტრი ოლეგის ძე როგოზინის ხელმძღვანელობით." – წერია ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ პოსტში.
28 აგვისტოს ოკუპირებული ზაპოროჟიეს ე.წ. გუბერნატორი, ევგენი ბალიცკი წერდა, რომ მისი და როსკოსმოსის ყოფილი მეთაურის, სენატორი დმიტრი როგოზინის იდეით შეიქმნა "ახალი ტიპის მოხალისეობრივი ქვედანაყოფი" - БАРС-САРМАТ.
უკვე 16 ოქტომბერს როგოზინი ირწმუნებოდა, რომ მას უკავშირდებოდნენ სხვადასხვა კსკ-ებისა და დანაყოფების სამხედროები, რომლებმაც კონტრაქტით განსაზღვრული ვადა ამოწურეს, თუმცა უკრაინაში ბრძოლის გაგრძელებას აპირებდნენ. როგოზინი ამბობდა, რომ მათ აინტერესებდათ, შეეძლოთ თუ არა БАРС-САРМАТ-ში საკუთარი "ისტორიული სახელებით" გაწევრიანება. მას თან დართული ჰქონდა სხვადასხვა დანაყოფების შევრონების ფოტოები. მათ შორის იყო დათვების შევრონიც. მალევე დათვების ტელეგრამ-არხზე БАРС-САРМАТ-ის რეკლამირებაც დაიწყეს.
რუსული ჯგუფი დათვების წევრები საკუთარ თავს სპეციალური დანიშნულების 81-ე ბრიგადა დათვებს, ან ზოგჯერ Bear Jedi Corps-საც უწოდებენ. ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბურკინა-ფასოში იყვნენ განთავსებული. აქამდე კი უკრაინაში იბრძოდნენ. ჯგუფის სამხედროები აფრიკიდან საკუთარ ბაზაზე, ანექსირებულ ყირიმში მას შემდეგ დაბრუნდნენ, რაც უკრაინამ კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. ფრანგული გამოცემა Le Monde წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსულმა ჯგუფმა ბურკინა-ფასო, შესაძლოა, რეალურად ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დატოვა, თუმცა დათვების მეთაური ამ ცნობას უარყოფდა.
The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს ჯგუფი შედიოდა აფრიკულ კორპუსში, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფრიკაში კსკ ვაგნერის ჩასანაცვლებლად შექმნა.
უკრაინული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ჯგუფი დათვები დაკავშირებული არის რუსულ კსკ რედუტთან, რომელსაც რუსეთის სამხედრო დაზვერვა, ГРУ აკონტროლებს. ამავე ცნობით, ისინი ГРУ-ს საიდუმლო სამხედრო დანაყოფ 35 555-ს ეკუთვნიან.
დათვებმა აქტიურობა 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყო.





