არჩევნები 2024

კანადის საგარეო: საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას გადავაფასებთ

Wikipedia

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც კანადა 26 ოქტომბრის არჩევნების ფონზე საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადაფასებას აპირებს. 

სამინისტრო ხაზს უსვამს ეუთო/ოდირისა და სხვა მიუკერძოებელი დამკვირვებლების პირველად დასკვნებში დარღვევების შესახებ ცნობებს და საქართველოს ხელისუფლებას კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პატივისცემისკენ მოუწოდებს. 

როგორც საქართველოს მეგობარი, პარტნიორი და დიდი ხნის მხარდამჭერი, კანადა ითვალისწინებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომლებიც ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა.

თუმცა, კანადა შეშფოთებულია ამომრჩეველთა დაშინების გავრცელებული შემთხვევებით, ხმების მოსყიდვით და კენჭისყრის დღეს სხვა დარღვევებით, რომლებიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) და სხვა მიუკერძოებელმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს. კანადას მტკიცედ სჯერა, რომ თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედს წარმოადგენს.

ჩვენს ევროპელ და G7-ის პარტნიორებთან კოორდინაციით და არჩევნების შედეგებისა და წარმართვის გათვალისწინებით, კანადა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას გადააფასებს. კანადა კვლავ ღიაა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას პატივს სცემს და ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლას მოაგვარებს. 

ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ და საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ მშვიდობიანი პროტესტების კონტექსტში ადამიანების უფლებებსა და უსაფრთხოებას პატივი სცეს. 

ჩვენ ვაქებთ ქართველებს საარჩევნო პროცესში აქტიურად მონაწილეობისთვის, მათ შორის, ამომრჩევლებს, საარჩევნო უბნების თანამშრომლებსა და  მოქალაქე დამკვირვებლებს.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშში საუბარია ზეწოლაზე საჯარო სექტორზე, კერძო ტელევიზიების გამოყენებაზე პოლიტიკური პროპაგანდისთვის, ხმის ფარულობის დარღვევასა და სხვა დარღვევებზე. 

კომენტარები