ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თამარ კორძაიამ საარჩევნო დარღვევების შესახებ ისაუბრა.
"ქუთაისში, მე-7 და მე-11 უბნებზე, გორის მე-80 უბანზე, დედოფლისწყაროს მე-2 უბანზე და მთაწმინდის 31-ე უბანზე 2 ბიულეტენი გასცეს. სისტემურ დარღვევას აქვს ადგილი დამკვირვებლებთან მიმართებაშიც, როცა რეგისტრატორების უკან, მათ სათანადოდ დაკვირვების შესაძლებლობას არ აძლევენ [...] ასევე, ჩვენ მიერ გამოვლინდა საჯარო მოხელეების მხრიდან ზეწოლის ფაქტები. ასპინძის მე-20 უბანზე რწმუნებული ნოდარ ბაბელაშვილი და დეპუტატი გოჩა ყრუაშვილი ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენდნენ. მათ უბნიდან კომისიის 2 წევრი გაიყვანეს, მითითებებს აძლევდნენ და მათ საქმიანობაში ერეოდნენ.
ქარელის რაიონში, აბიში, მე-7 უბანზე გამგებლის წარმომადგენელი, სიმონ მარგველაშვილი ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებდა. მნიშვნელოვან დარღვევას ჰქონდა ადგილი გარდაბნის 51-ე უბანზეც, სადაც აბელ მირზოევმა გადასატანი ყუთი წაიღო და მას მხოლოდ ქართული ოცნების კომისიის წევრები გაყვნენ და დამკვირვებლები არ გააყოლეს. თბილისში, სამგორის 38-ე უბანზე კი მარკირების სითხე საერთოდ არ არის და ამომრჩევლებს მარკირებას არ უკეთებენ". - თქვა კორძაიამ.
ასევე, კორძაიას თქმით, ბათუმის მე-2 და ქუთაისის 47-ე და 48-ე უბნებზე დამკვირვებლებზე ზეწოლა ხდება.





