მადლობა ყველას, ვინც დღეს სადღაც რიგში დგას იმისთვის, რომ თავის რეგიონში ჩავიდეს, სადაც ჩაწერილია და ხმა მისცეს [...] მინდა, მადლობა გადავუხადო ქართულ დიასპორას, ემიგრაციაში. ისინიც იბრძოდნენ და იბრძვიან იმისთვის, რომ მიიღონ უფლება, თავიანთი ხმა ისმოდეს და მათი ხმა ხვალ გაისმება.
მინდა, მივმართო და მადლობა გადავუხადო მათ, ვინც იბრძოდა ისრაელში, ამ ძალიან რთულ პერიოდში, იმისთვის, რომ იქაც გახსნილიყო საარჩევნო უბანი. სადღაც ვერ გაიხსნა, სადღაც დაგაკლდათ საარჩევნო უბანი, სადღაც თქვენი უფლება დაირღვა, ვინც შორს ცხოვრობთ იმ საარჩევნო უბნებიდან, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გამოსწორდება.
მინდა, წინასწარ მადლობა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ესოდენ მობილიზებული არიან, რაც დღეს უკვე ჩანს და ხვალაც იქნებიან ყველა უბანზე და თავიანთ ცხოვრებაში პირველად ხმას მისცემენ თავიანთ არჩეულ პარტიას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა ირჩევს თავისი მოსაზრების, სურვილისა და ნების მიხედვით. ვერავინ ვერაფერს დაგაძალებთ. ვერავინ ნახავს, ხმა ვის მიეცით და ამის გამო, ხვალ ვერავინ დაგსჯით. არანაირი რევანში არ იქნება, არც ერთი მხრივ და არც მეორე მხრივ. ეს არის ჩემი დაპირება, როგორც თქვენი, ყველას პრეზიდენტის.
მიდით არჩევნებზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ. საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი თქვენი ხმით გადაწყდეს. სახლში ნურავინ დარჩება, თქვენი გადასაწყვეტია, როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო.





