ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მალხაზ ნაკაშიძის მტკიცებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ორი სალექციო კურსი განსხვავებული პოზიციის გამო გაუუქმა.
პროფესორი მისი სასწავლო კურსების გაუქმებას მის განსხვავებულ პოზიციებს უკავშირებს რუსულ კანონთან და რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით.
"სხვადასხვა სასწავლო კურსი გააუქმებულ იქნა პროგრამიდან და მათ შორის, ჩემი ორი სასწავლო კურსი ევროკავშირის შესახებ - სანაცვლოდ შექმნეს და დატოვეს ახალი კურსები ევროკავშირის შესახებ, რომელთა სწავლებას გააგრძელებენ ის ადამიანები, რომლებიც მათთვის უფრო მისაღები იქნებიან.
რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მათთვის ბევრ საკითხში ჩემი პოზიციები არ არის მისაღები.
ყოველთვის მქონდა განსხვავებული მოსაზრება, როგორც რუსულ კანონთან, ასევე უკრაინის ომთან, რუსეთთან დაკავშირებით.
ბევრად განსხავავებული პოზიციები მაქვს და მქონდა ადმინისტრაციასთან და ბევრ ჩემს კოლეგებთანაც და ალბათ გადაწყვიტეს, რომ მათთვის მისაღები პოზიციის მქონე ხალხი დარჩენილიყო და ესწავლებინა ევროკავშირზე". - თქვა ნაკაშიძემ, მთავარ არხთან საუბრისას.





