Concentrix

Concentrix-ის ოფისი, სადაც ფინანსური პოლიცია შევიდა, "აწარმოე საქართველოში-ს" ხელშეწყობით გაიხსნა

ამერიკულმა კომპანია Concentrix-მა, რომლის ვაკეში მდებარე ოფისშიც ცოტა ხნის წინ ფინანსური პოლიცია შევიდა და ჩხრეკა მოაწყო, თბილისში ოფისი სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით გახსნა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2023 წლის 27 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში ავრცელებს.

"აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით საქართველოში საკუთარი ოფისები გახსნეს ისეთმა წამყვანმა საერთაშორისო კომპანიებმა, როგორებიცაა კონსენტრიქსი და მაჯორელი". - წერია განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას, 2021 წლის 24 სექტემბერს ნათქვამი აქვს, რომ "საქართველოში სულ უფრო მეტად ვითარდება ბიზნეს სერვისების მიწოდების ინდუსტრია და ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ქართულ ბაზარზე უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია Concentrix-ი შემოვიდა".

ტაბულას ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა Concentrix-ის თანამშრომლების ნაწილი ოფისში არ შეუშვეს და უთხრეს, რომ დღეს სამუშაო პროცესი ვერ შედგება. ოფისში ამჟამად ჩხრეკას მხოლოდ კომპანიის მენეჯმენტის წევრები ესწრებიან. თანამშრომლების თქმით, მათთვის უცნობია ფინანსური პოლიციის ოფისში შესვლის მიზეზიც.

ჩხრეკასთან დაკავშირებით ლევან დავითაშვილმა დღეს განაცხადა, რომ "Concentrix-ი არის კომპანია, რომელიც მოღვაწეობს BPO სექტორში, ე.წ. Business Process Outsorsing-ში. მართალია, ეს არის აწარმოე საქართველოშის პროექტის ფარგლებში. ჩვენ გვქონდა შესწავლილი BPO სექტორი. ჩავთვალეთ, რომ ეს იყო დასაქმების კარგი წყარო და ავტორიტეტული საერთაშორისო BPO კომპანიები შემოყვანა მოვახერხეთ ქვეყანაში, რომელმაც დასაქმებას ხელი შეუწყო".

"მეორეს მხრივ, თქვენ იცით, რომ ასევე აქტუალურია ე.წ. დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან ბრძოლა, რომელსაც სამართალდამცავები აწარმოებენ, იმისთვის, რომ ასეთი კრიმინალური საქმიანობა ქვეყანაში არ არსებობდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში გაირკვევა, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა. შესაბამისად, სამართალდამცავების პრეროგატივაა, რომ გაარკვიონ, კონკრეტულად რა ხდება ამ კომპანიასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან საზოგადოებას". - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Concentrix კალიფორნიაში დაარსებული ბიზნეს პროცესების მართვის კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბრენდებს უწევს კონსულტაციას. კომპანიას 70-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში აქვს ოფისი.

კომენტარები