პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის არჩევნების წინ "ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში" ადანაშაულებს.
ჰერჩინსკიმ დღეს გაკეთებულ განცხადებაში ახსენა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიოდ აღნიშნეს, რომ ეს არის ქართული ხელისუფლების ქმედებების შედეგი. ამასთან ერთად, ევროკავშირის ელჩმა მოსახლეობას არჩევნებში წასვლისკენ მოუწოდა.
კობახიძის მტკიცებით, ჰერჩინსკის შეფასება "არ არის ობიექტური" და არჩევნებთან დაკავშირებით მსგავსი მოწოდება, კობახიძის თქმით, საარჩევნო პრინციპების დარღვევა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაა.
"ეს შეფასება არ არის ობიექტური და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი ჩემთვის. როდესაც ასეთი არაობიექტური განცხადება უკავშირდება არჩევნებს, ეს შემაშფოთებელია. ეს ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა, რაც არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა. როდესაც უცხოელი დიპლომატი აკეთებს არჩევნებთან დაკავშირებით პროპაგანდისტულ მოწოდებას, ეს არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა და ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. მე ყველას მოვუწოდებ, ნუ დაარღვევენ საარჩევნო პრინციპებს და ისაუბრონ ობიექტურად, იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც ვითარდება ჩვენ ქვეყანაში" – ამბობს კობახიძე.