2024 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნები

თეთრი სახლის თქმით, მოლდოვის არჩევნებსა და რეფერენდუმში რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია

DREW ANGERER/GETTY IMAGES

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველი, ჯონ კირბი მოლდოვაში 20 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა და მას ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე "ისტორიული ნაბიჯი" უწოდა.

"რუსეთი აქტიურად მუშაობდა მოლდოვის არჩევნებისა და მათ ევროპული ინტეგრაციისთვის ძირის გამოსათხრელად". - განუცხადა კირბიმ რეპორტიორებს.

მისი თქმით, "წინა რამდენიმე თვის განმავლობაში მოსკოვმა მილიონობით დოლარი გამოყო ამ მცდელობებისთვის. ახლა რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია, როცა შედეგები აჩვენებს, რომ მოლდოვური დემოკრატია მტკიცეა, ისევე როგორც მოლდოველი ხალხის ნება და სურვილი, ევროპული ინტეგრაციისკენ წინ წავიდნენ".

კირბიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ მოლდოვის ამაყ პარტნიორად რჩება და მის მხარდაჭერას გააგრძელებს, რათა მოლდოვის დემოკრატია დაცული იყოს, ხოლო მოლდოველი ხალხის მისწრაფებები - მიღწეული.

ამას გარდა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა მოლდოვას რეფერენდუმის შედეგები მიულოცა.

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხმების 42% აიღო. მეორე ადგილზე გავიდა პრორუსი პოპულისტი კანდიდატი, ალექსანდრ სტოიანოგლო, რომელსაც მოსახლეობის 26%-მა დაუჭირა მხარი. 

არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება. 

პარალელურად, მოლდოვაში გაიმართა რეფერენდუმი, რომელშიც მოსახლეობამ უპასუხა კითხვას: "უჭერთ თუ არა მხარს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ მოლდოვას სურს ევროკავშირის წევრობა?" მოსახლეობის 50.46%-მა კითხვას დადებითად უპასუხა, 49.53% კი წინააღმდეგია. საბოლოო მონაცემებით, რეფერენდუმის ბედი 13 596 ხმამ გადაწყვიტა.

რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერის გაჩენას იმაზე ბევრად ნაკლებმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

მოგვიანებით, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ თქვა, რომ ქვეყანაში "კრიმინალურმა დაჯგუფებამ" 300 000 ხმის მოსყიდვა სცადა. მისივე თქმით, კრიმინალური დაჯგუფებები "უცხოურ ძალებთან" ერთად მოქმედებდნენ.

ამას გარდა, საგარეო საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი რუსეთის უპრეცედენტო ჩარევით ჩატარდა. მან აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბების პროცესი რუსეთის მხრიდან 20 ოქტომბრამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. 

კომენტარები