დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

IDF: ჰეზბოლა ბერიუთის საავადმყოფოში, სულ მცირე, 500 მილიონ დოლარს ინახავს

The Times of Israel

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ ჰეზბოლა ბეირუთში, საავადმყოფოს ქვეშ ბუნკერში, სულ მცირე, 500 მილიონი დოლარის ღირებულების კუპიურებსა და ოქროს ინახავს.

"იმ წინასწარ ანგარიშებზე დაყრდნობით, რომლებიც გვაქვს, ამ ბუნკერში, სულ მცირე, ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების ოქრო და კუპიურები არის შენახული. ამ თანხის გამოყენებით ლიბანის სახელმწიფოს აღდგენა არის შესაძლებელი". - თქვა ჰაგარიმ.

ბრიფინგის დროს ჰაგარიმ რუკა აჩვენა, რომელზეც ბუნკერის ადგილმდებარეობა, ალ-საჰელის საავადმყოფო, იყო აღნიშნული.

ჰაგარიმ დაამატა, რომ ისრაელი ამ ბუნკერზე იერიშს არ მიიტანს. მისივე თქმით, ისრაელის მტერი არა ლიბანელი ხალხი, არამედ ჰეზბოლა არის, ტერორისტული დაჯგუფება კი ქვეყნის ფინანსურ კრიზისს თავის სასარგებლოდ იყენებს. 

"ბოლო წლებში, ლიბანის სახელმწიფო ღრმა ფინანსურ კრიზისს განიცდის, რასაც ჰეზბოლა თავის სასარგებლოდ იყენებს". - თქვა ჰაგარიმ. 

ჰაგარიმ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ლიბანის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ჰეზბოლას "ისრაელზე თავდასხმებისთვის და ტერორისთვის" ფულის გამოყენებაში ხელი შეუშალონ. 

IDF-ის სპიკერმა ასევე დაამატა, რომ ისრაელმა 20 ოქტომბრიდან ჰეზბოლაზე იერიშები გააფართოვა და მის ფინანსურ შესაძლებლობებს ამცირებს. 

"ისრაელის საჰაერო ძალებმა ჰეზბოლას ამ ფინანსურ სიმაგრეებზე ზუსტი იერიშების სერია მიიტანა. [...] წუხელ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მიწისქვეშა საწყობი იყო, რომელშიც ათობით მილიონობით დოლარის ღირებულების ოქრო და კუპიურები ინახებოდა. ამ ფულს ისრაელზე ჰეზბოლას თავდასხმების დაფინანსებისთვის იყენებდნენ". - თქვა ჰაგარიმ. 

ისრაელმა იერიშები, მათ შორის, ფინანსურ ფირმა, ალ-ქარდ ალ-ჰასანიზე, მიიტანა, რომელიც ოფიციალურად საქველმოქმედო ორგანიზაციად არის რეგისტრირებული. ტერორისტების ფინანსების დაფარვისა და მათთვის საერთაშორისო საფინანსო სისტემაზე წვდომის მიცემისთვის ფირმა აშშ-ს მიერ არის სანქცირებული. 

ჰაგარიმ ასევე თქვა, რომ ჰეზბოლამ "სირიაში, ლიბანში, იემენსა და თურქეთში ქარხნები ააშენა, რომლებიც ტერორისტული ოპერაციების დასაფინანსებლად შემოსავალს აწვდის".

კომენტარები