საგარეო ვაჭრობა

თურქეთი, რუსეთი, აშშ – საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-სექტემბერში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 16 777.7 მლნ. მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7%-ით მეტია.

აქედან ექსპორტი 4 786.7 მლნ დოლარია (+4.1%), ხოლო იმპორტი - 11 991.0 მლნ დოლარი (+3.6%). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 7 204.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.9%-ია.

2024 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.1% იყო. უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასეთია - ყირგიზეთი (908.0 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (634.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (544.3 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულშია: თურქეთი (1 986.7 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 376.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 313.0 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილი
საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69% იყო. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 333.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 835.8 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 472.6 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 762.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 36.8 პროცენტია. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 227.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 4.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ყურძნის ნატურალური ღვინოები 214.5 მლნ. აშშ დოლარით (4.5 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფიც 2024 წლის იანვარ-სექტემბერში მსუბუქი ავტომობილები იყო, რომლის იმპორტმა 2 340.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 982.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 462.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.9 პროცენტი).

 

კომენტარები