განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 4 პირი დააკავეს. გუშინ, 20 ოქტომბერს ე.წ. მალაკნებზე, ფიროსმანის გამზირზე, ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით მოკლეს.
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ი.ბ. ხოლო, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული გ.ბ., 1988 წელს დაბადებული ჯ.ფ. და 1987 წელს დაბადებული დ.მ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, თბილისში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისროლა 1997 წელს დაბადებული ტ.ფ.-ს მიმართულებით, მიღებული დაზიანებების შედეგად ტ.ფ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო საპასუხო გასროლისას დაიჭრა ი.ბ., რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტს შეესწრნენ, ბრალდებულის მეგობრები - გ.ბ., ჯ.ფ. და დ.მ., თუმცა მათ სამართალდამცავ უწყებას დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინეს" - აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.