პროკურატურის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაკავებულია 4 პირი.
"ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა თბილისის ერთ-ერთ უბანში მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი, სადაც დაასაქმეს უცხო ენების მცოდნე ოპერატორები და შესაბამისი მიმართულებების კურატორი მენეჯერები. ოპერატორები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
ქოლ-ცენტრის თანამშრომლები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. რეალურად კი, დაზარალებულთა მიერ ინვესტიციისათვის გამოყოფილ ფულად თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ. დაზარალებულთა მხრიდან დაბანდებული თანხისა და მოგების დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ მათთან ყოველგვარ კომუნიკაციას.
ამ ფორმით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირების კუთვნილ 1 634 000 აშშ დოლარს და 1 მილიონ ევროს.
ბრალდებულთა კუთვნილი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ჯამში 240 000 ამერიკული დოლარის ღირებულების სხვადასხვა კრიპტოვალუტა, 400 000 დოლარამდე ფულადი თანხა და ძვირადღირებული ნივთები. ასევე ერთ-ერთი ორგანიზატორის საბანკო სეიფის ჩხრეკისას ამოღებულია 1 000 000 ამერიკული დოლარი" - წერია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





