17 ოქტომბერს აშშ-ს შორ მანძილზე მოქმედმა B-2-ის ტიპის ბომბდამშენებმა იემენში ჰუსიტების ბუნკერებზე იერიშები მიიტანეს.
ჯერჯერობით უცნობია დარტყმების შედეგები. ეს იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ B-2-ის ტიპის ბომბდამშენის გამოყენების პირველი ცნობაა.
ჰუსიტების მიერ კონტროლირებული მედიის ცნობით, იერიშის სამიზნეები დედაქალაქი სანაას ტერიტორიაზე მდებარეობდა. ამ ქალაქს აჯანყებულები 2014 წლიდან აკონტროლებენ. გავრცელდა ცნობები მათ მიერ კონტროლირებად კიდევ ერთ ქალაქზე, საადაზე იერიშების მიტანის შესახებაც.
როგორც აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, B-2-ებმა იერიშები მიიტანეს "იემენში ჰუსიტების მიერ კონტროლირებულ 500 მიწისქვეშა იარაღების საცავ ლოკაციაზე".
როგორც AP News-ი ხაზს უსვამს, B-2-ის გამოყენება შესაძლოა იყოს აშშ-ს გაფრთხილება ირანის მიმართ. თეირანი ჰუსიტების მთავარი მხარდამჭერია.
"ეს იყო უნიკალური დემონსტრირება შეერთებული შტატების შესაძლებლობისა, მიზანში ამოიღოს ობიექტები, რომელთა დამალვასაც ჩვენი მოწინააღმდეგეები ცდილობენ, რაც არ უნდა ღრმად იყოს მიწისქვეშ ჩამალული და გამაგრებული." - თქვა ლოიდ ოსტინმა.
2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ჰუსიტებმა 80-ზე მეტ სავაჭრო ხომალდზე თავდასხმა დრონებისა და რაკეტების გამოყენებით სცადეს. ისინი თვლიან, რომ მსგავსი თავდასხმებით პალესტინელებისადმი თანადგომას გამოხატავენ. ამ პერიოდის განმავლობაში მათ ორი გემი ჩაძირეს, ერთი კი გაიტაცეს. დაიღუპა 4 მეზღვაური. დანარჩენი რაკეტები ან აშშ-მ უვნებელყო, ან ზღვაში ჩამოვარდა.





