თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ზღვის უბანში, თემქის ხევში, ახალი პარკი 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე გაიხსნება.
"ზღვის უბანში, თემქის ხევში, საქალაქთაშორისო პარკის მშენებლობა დავასრულეთ. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარზე გაშენდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მოწყობილა. ამ პროექტის ღირებულება 40 მილიონს შეადგენს [...]
ამ ტერიტორიიდან, დაახლოებით, 250 000 კუბამდე დაჭაობებული მიწა მოვჭერით, გავიტანეთ და ეს არეალი ახალი, ნოყიერი მიწით შევავსეთ. დღეს უკვე ეს ტერიტორია არის მოწესრიგებული, განათებული, ყველანაირი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, გამწვანებული და რეკრეაციული დასასვენებელი სივრცე. პარკში მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟო ქსელები, სარწყავი სისტემა, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, მინი ფეხბურთის სტადიონი, სამეურნეო და დაცვის შენობები, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ბელვედერი, ფანჩატურები, სკეიტპარკი, 2 ტბა და მათი დამაკავშირებელი პატარა მდინარე, საფეხმავლო და სამანქანე გზები, პარკინგი, კოლექტორი და სატუმბი სადგურები. გარდა ამისა, გაკეთდა 2 საფეხმავლო ხიდი, რომლებიც თემქის ხევის მიმდებარედ სხვადასხვა მიკრორაიონს ერთმანეთთან აკავშირებს. პარკის ტერიტორია 2 ნაწილად არის გაყოფილი, რომლებსაც საფეხმავლო გვირაბი აკავშირებს. პარკის ტერიტორიაზე 75 000 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგო". - თქვა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, 20 ოქტომბერს პარკის გახსნაზე ჯგუფ მგზავრების კონცერტი გაიმართება.





