არჩევნები 2024

ველისციხის რწმუნებული უარყოფს, რომ მოქალაქეს "ტილიანი" 41-ის შემოხაზვას სთხოვდა

კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ნათია თათარაშვილი უარყოფს, რომ მთავარი არხის გავრცელებულ აუდიოჩანაწერში მოქალაქეს ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემას სთხოვდა. "დამანახეთ, ერთი ტილიანი 41 როგორ მომიხაზეთ" - ეუბნება ჩანაწერში თათარაშვილი მოქალაქეს. 

"აბსოლუტური სისულელეა, სირცხვილია ამას ხმამაღლა რომ ვამბობ. მართლა დავიფიცებ ხატზე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რაც საარჩევნო კამპანია დაიწყო, არც ერთი ველისციხელის სახლი არ შემიხსნია, არც ტელეფონზე დამირეკავს, რომ წამოდი არჩევნებზე. არ მცალია მე ამისთვის, ველისციხეში იმდენი საქმეა, მიმდინარეობს რეაბილიტაცია, მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, დღე და ღამე ტრაქტორს და გრეიდერს ვადგავარ თავზე" - ამბობს თათარაშვილი მთავარ არხთან. 

როგორც სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერში ისმის, თათარაშვილი ამბობს, რომ ხმები სჭირდება "პროცენტის" დასადებად. 

"გავდივარ სიებს. შენ ოჯახზე ვიღებ პირადად მე პასუხისმგებლობას, პრეტენზია ხო არ გაქვს? ერთი მოთხოვნა მაქვს - უჩემოდ არ შეხვალთ შენ და შენი ცოლი საარჩევნო უბანზე [...] დამირეკე და იქ დაგხვდები...
მოქალაქე: მასე რომ არ შეიძლება?
თათარაშვილი - ჩემთვის შეიძლება. [...]მე თუ არ დავრწმუნდი. [...]მე უნდა გადმოგყვეთ თან, არავისგან არაფერს არ ვითხოვ და არც აქამდე შემომხსნია კარები, ეხლა კატეგორიულად ვითხოვ, რომ მე მჭირდება ხმები იმიტომ, რომ პროცენტი უნდა დავდო. მე ხომ დაგანახეთ ჩემი სიკეთე, ეხლა თქვენ დამანახეთ ერთი ტილიანი 41 როგორ მომიხაზეთ. მეტი არაფერი არ მინდა" - ისმის სატელეფონო საუბრის ჩანაწერში. 

კომენტარები