ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტაივანის ირგვლივ სამხედრო წვრთნები დაიწყო. ჩინეთის ოფიციალური განცხადებით, წვრთნები გაფრთხილებაა "ტაივანის დამოუკიდებლობის ძალების სეპარატისტული ქმედებების" წინააღმდეგ.
ტაივანის პრეზიდენტმა, ლაი ჩინგ ტემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ჩინეთს არ აქვს უფლება, მსოფლიო არენაზე ტაივანს წარმოადგენდეს. ტაივანის პრეზიდენტის განცხადებას მალევე მოჰყვა ჩინეთის მხრიდან კრიტიკა.
"წვრთნები არის მკაცრი გაფრთხილება ტაივანის დამოუკიდებლობის ძალების სეპარატისტული ქმედებების საპასუხოდ. ეს არის ლეგიტიმური და აუცილებელი ოპერაცია სახელმწიფო სუვერენიტეტისადა ეროვნული ერთიანობის დასაცავად" – წერია ჩინეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
წვრთნების დასრულების თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. გამოქვეყნებული რუკის მიხედვით, წვრთნები იმართება ტაივანის კუნძულის ყველა მხარეს, რის შედეგადაც კუნძული ფაქტიურად ალყაშია მოქცეული.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალური მდივანი, ჯოსეფ ვუ გამოეხმაურა ჩინეთის პროვოკაციულ ქმედებებს და ხაზი გაუსვა, რომ ეს არის გაეროს ქარტიის დარღვევა.
"სამხედრო ძალის გამოყენება სხვა სახელმწიფოების დასაშინებლად ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიის ძირითად სულისკვეთებას, რომ პრობლემები მშვიდობიანი გზით გადაწყდეს" – თქვა ვუმ.





