მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი რუსეთის დაღესტნელ სენატორს, სულეიმან ქერიმოვს სისხლის აღებით დაემუქრა, დაღესტნის მეთაურმა, სერგეი მელიკოვმა პოლიტიკოსს მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ რესპუბლიკა მას "მუდამ დაუჭერს მხარს".
მელიკოვი სიტყვით მაჰაჩყალაში პარკის გახსნის ცერემონიაზე გამოვიდა. ობიექტი ქერიმოვის დახმარებით აშენდა. საუბრის დროს დაღესტნის ლიდერმა თქვა, რომ ეს სენატორის "ბევრიდან ერთ-ერთი კეთილი საქმეა". ამას გარდა, მან ხაზი გაუსვა, რომ ქერიმოვი უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცების ოჯახებს ეხმარება, ტერაქტის შემდეგ დერბენტში აღადგინა სინაგოგა და ეკლესია, დაეხმარა დაღუპული პოლიციელების ოჯახებს, მონაწილეობას იღებდა სამედიცინო ცენტრების შენებაში და ჰქონდა "ინვესტიციის ასობით პროექტი".
მელიკოვის თქმით, დაღესტნელი ხალხი "მუდამ მადლიერი იქნება" ქერიმოვის მიმართ და "მუდამ დაუჭერს მას მხარს, როცა ეს მხარდაჭერა საჭირო იქნება".
"ადამიანები, რომლებმაც გამოსცადეს მისი ყურადღება, სითბო და სიკეთე, იქნებიან იმ ადამიანთან, რომელმაც მათ ეს სიკეთე აჩუქა. და სულეიმანმა ეს უნდა იცოდეს. დაღესტანი მუდამ დაუჭერს მხარს მას რთულ მომენტებში, როცა ეს საჭირო იქნება." – თქვა მელიკოვმა.
10 ოქტომბერს რამზან კადიროვმა თქვა, რომ დაღესტნელ სენატორ სულეიმან ქერიმოვს და სახელმწიფო დუმის ორ დეპუტატს, ბეკხან ნარახოევსა და რიზვან ყურბანოვს სისხლის აღებით შურისძიებას გამოუცხადებდა. ჩეჩნეთის ლიდერის მტკიცებით, ისინი მისი მკვლელობის შეკვეთას აპირებდნენ. კადიროვმა ისინი კომპანია Wildberries-ის ოფისთან მომხდარ სროლაზე საუბრის შემდეგ ახსენა. 18 სექტემბერს მომხდარ სროლაში, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა და 7 დაშავდა, კადიროვმა ბრალი სწორედ ამ სამ ადამიანს დასდო.
რიზვან ყურბანოვმა მომდევნო დღეს გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობდა, რომ კადიროვის მკვლელობა არასდროს შეუკვეთავს.
Wildberries-ი რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ონლაინ ვაჭრობის კომპანიაა.
გავრცელებული ცნობებით, 18 სექტემბერს დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვლადისლავ ბაკალჩუკის წინამძღოლობით კაცების ჯგუფმა შენობაში შესვლა სცადა.
ვლადისლავ ბაკალჩუკის მტკიცებით, მას და მის "გუნდს" თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც კომპანიის სათავო ოფისში "საწყობის მშენებლობის საკითხზე მოსალაპარაკებლად" მივიდნენ. თუმცა, ტატიანა ბაკალჩუკმა ეს უარყო და განაცხადა, რომ "მსგავს მოლაპარაკებებზე შეთანხმება არ ყოფილა".
კომპანიაში არსებული დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზაფხულში Wildberries-მა კომპანია Russ Group-თან გაერთიანება დააანონსა, რითაც ახალი ციფრული სავაჭრო პლატფორმა RWB უნდა შეიქმნას. გაერთიანების ფარგლებში Russ Group-ის რობერტ მირზოიანი RWB-ს მთავარი დირექტორ-ხელმძღვანელი გახდება, ხოლო ტატიანა ბაკალჩუკი გენერალური დირექტორი.
რუსული მედიის ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, მაქსიმ ორეშკინს ორ კომპანიას შორის დადებული შეთანხმების შესრულების პროცესზე ზედამხედველობა დაევალა. კრემლის თქმით, გაერთიანების გეგმამ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერაც მოიპოვა, თუმცა, კრემლში განაცხადეს, რომ პუტინი პროცესში არ ჩაერეოდა.
ბიზნეს სამყაროში არსებული შეთანხმება, რომელსაც ვლადისლავ ბაკალჩუკი ეწინააღმდეგება, "უცნაურად" დაახასიათეს, რადგან იგი თანასწორთა გაერთიანებად წარმოაჩინეს იმის მიუხედავად, რომ Wildberries-ი კომპანია Russ Group-ს სიდიდით თითქმის 20-ჯერ აღემატება.
ტატიანა და ვლადისლავ ბაკალჩუკებს შორის დაძაბულობა ივლისში მომხდარი განქორწინების შემდეგ გაიზარდა. ვლადისლავმა, რომლის თქმითაც Russ Group-ის მიერ "კომპანიის შთანთქმა" მიმდინარეობს, დასახმარებლად საჯაროდ ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს მიმართა.
ამასთანავე, დამოუკიდებელი რუსული მედია Проект-ის ცნობით, 18 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებაში საბრძოლო კლუბ Ахмат-ის მებრძოლიც იღებდა მონაწილეობას. Wildberries-ის ოფისთან მომხდარი სროლის დროს კი, სულ მცირე, სამი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი დაშავდა, რომლებიც მოსკოვში ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონიდან იყვნენ ჩასული.