ჰეზბოლას დრონის იერიშს ისრაელის თავდაცვის ძალების 4 სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ 7 ჯარისკაცი მძიმედაა დაჭრილი.
ჰეზბოლამ ისრაელის ქალაქ ბინიამინას მახლობლად იერიში 13 ოქტომბრის საღამოს მიიტანა. როგორც აღმოჩნდა, სამიზნე გოლანის ბრიგადის სამხედრო საწვრთნელი ბაზა იყო. დარტყმის შედეგად დაზიანდა ობიექტის სასადილო.
დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაზიანება 58-მა სამხედრომ მიიღო. დაღუპულებისა და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჯარისკაცების გარდა, დანარჩენები მსუბუქად დაშავდნენ.
დრონთან ერთად ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით რაკეტებიც გაუშვა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, ამავე თავდასხმის დროს ერთი დრონი ჩამოაგდეს, მეორე კი რადარებზე გაქრა. დაწყებულია გამოძიება.
პარალელურად, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლა მეტი თავდასხმებით იმუქრება, თუ ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციას გააგრძელებს.





