დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

აშშ ისრაელს საჰაერო თავდაცვის გასაუმჯობესებლად THAAD-ის ბატარეას გაუგზავნის

ამერიკული THAAD-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა ისრაელში, 2019
US Army Europe

პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა დაადასტურა, რომ აშშ ისრაელში საჰაერო თავდაცვის გასაუმჯობესებლად THAAD-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ბატარეასა და სისტემის ოპერირებისთვის საჭირო ჯარისკაცებს გაგზავნის.

"[აშშ-ს] პრეზიდენტის, [ჯო ბაიდენის] მითითებით, [თავდაცვის] მდივანმა ოსტინმა ისრაელში THAAD-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ბატარეისა და მასთან დაკავშირებული ამერიკელი სამხედროებისგან შემდგარი ეკიპაჟის გაგზავნის გადაწყვეტილების ბრძანება გასცა, რათა 13 აპრილს და განმეორებით 1-ელ ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ ირანის უპრეცედენტო თავდასხმის შემდეგ, ისრაელს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დავეხმაროთ". - წერია რაიდერის განცხადებაში, რომელიც აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების მიხედვით, ეს ქმედება ხაზს უსვამს ისრაელის თავდაცვასთან მიმართებით აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას, რაც ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-ს არმიის მიერ მიღებული ფართო ზომების ნაწილია, რათა ირანისა და პროირანული დაჯგუფებების წინააღმდეგ აშშ-მ ისრაელის თავდაცვას მხარი დაუჭიროს და თავდასხმებისგან ამერიკელები დაიცვას.

THAAD-ის თითოეული ბატარეა ექვსი გამშვები პუნქტისგან, 48 გამანადგურებელი რაკეტისგან, ასევე სარადარო და რადიოტალღური აღჭურვილობისგან შედგება, რომლის ოპერირებისთვისაც 95 სამხედროა საჭირო.

კომენტარები