დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

გალანთის თქმით, ირანზე ისრაელის პასუხი სასიკვდილო, ზუსტი და გამორჩეულად საკვირველი იქნება

იოავ გალანთი 2023 წლის 7 ოქტომბრის სიტყვით გამოსვლის დროს.
Elad Malka/Defense Ministry

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანთმა განაცხადა, რომ ირანზე ისრაელის საპასუხო იერიში "სასიკვდილო, ზუსტი და გამორჩეულად საკვირველი იქნება".

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) 9900-ე სადაზვერვო დანაყოფთან ვიზიტის დროს სიტყვით გამოსვლაზე გალანთმა ისრაელის საპასუხო დარტყმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ირანი "ვერ გაიგებს რა დაემართა, ან როგორ".

მისი თქმით, წინა კვირას ირანის მხრიდან ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა "აგრესიული იყო, მაგრამ - წარუმატებელი, რადგან ისინი არაზუსტები იყვნენ".

ამას გარდა, გალანთმა ხაზი გაუსვა, რომ ირანის იერიშის დროს ისრაელის საჰაერო ძალები, ასაფრენი ბილიკები, თვითმფრინავები, ჯარისკაცები ან მოქალაქეები, არ დაზიანებულა.


ბოლო კვირებში ისრაელის სპეცსამსახურებმა და სამხედრო ძალებმა ჰეზბოლას წევრებზე იერიშებისა და თავდასხმებს ახალი ტალღა დაიწყეს. თავდაპირველად დაჯგუფების წევრებს აუფეთქდათ პეიჯერები, რის შედეგადაც, სულ მცირე, 12 მათგანი მოკვდა და ასობით კი დაშავდა. ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად განადგურებულია დაჯგუფების ლიდერთა მნიშვნელოვანი ნაწილი: 27 სექტემბერს დარტყმების შედეგად მოკვდა ჰეზბოლას მეთაური, ჰასან ნასრალა, რაც ტერორისტული დაჯგუფებისთვის ბოლო ათწლეულებში უდიდესი დანაკარგებია.

მოგვიანებით, 1-ელ ოქტომბერს, ისრაელმა ლიბანის სამხრეთში ლიმიტირებული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, ხოლო ირანმა ამავე დღეს ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელთა "დიდი რაოდენობის" განეიტრალებაც ისრაელმა შეძლო.

ირანული რაკეტებისგან ისრაელის დაცვის პროცესში ასევე ჩართული იყო აშშ-ც, ხოლო იორდანიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატში განაცხადეს, რომ ირანიდან ისრაელისკენ გაშვებული დრონები და რაკეტები იორდანიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლის დროს გაანეიტრალა.

IDF-ის ცნობით, ირანის იერიშის შედეგად "ძალიან ცოტა დარტყმა" მოხდა და ამ ეტაპზე, მათი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, რადგან "მოსახლეობა პასუხისმგებლობიანად მოიქცა".

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა პირობა დადო, რომ ირანის თავდასხმას ისრაელი პასუხს გასცემს: "ამ [სარაკეტო] იერიშს შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვაქვს გეგმები და ჩვენს მიერ შერჩეულ დროსა და ადგილზე ვიმოქმედებთ". - განაცხადა IDF-ის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

კომენტარები