პრეზიდენტი არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმას მოაწყობს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა.
"ამ სასახლეში არჩევნების დღეს მოეწყობა საკოორდინაციო პლატფორმა, რათა გავუწიოთ მონიტორინგი ყველაფერ იმას, რაც იმ დღეს მოხდება და შემდეგ, ერთად გამარჯვებაც ვიზეიმოთ" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე დიასპორაზე, ხმების დაცვის მნიშვნელობასა და არჩევნებზე მობილიზაციის აუცილებლობაზე ილაპარაკა.
"დიასპორა ძალიან გააქტიურდა ამ ბოლო დღეებში რეგისტრაციაზე. მიუხედავად ყველა უწყების მცდელობისა - ცესკოსი, საგარეოსი, საკონსულოების, ყველა ჩართული იყო იმაში, რომ ყველანაირი შეფერხება ყოფილიყო, მაინც შეძლო დიასპორამ, რომ დიდი რაოდენობით აღრიცხულიყო.
ახლა არის საკონსულოების, საგარეოს და ცესკოს პასუხისმგებლობა, ისე მოაწყონ ეს უბნები, რომ არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა. მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა იქნება უშუალოდ მათი, თუ სადმე არ გაიხსნა ის დამატებითი ფართი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ შეძლონ ადამიანებმა, ვინც არიან დარეგისტრირებული, ხმის მიცემა იმ პერიოდში და იმ დროში, რაც არის განკუთვნილი არჩევნებისთვის. ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება" - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა იწყება პერიოდი, როცა ყველა უნდა მოემზადოს ხმების დასაცავად.
"ამაში თქვენ ხართ ყველანი [პასუხისმგებელი]. თითოეული ადამიანი, თითოეული მოქალაქე არის პასუხისმგებელი თავის ხმაზე, რომ მივიდეს არჩევნებზე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ახლობელი უცხოეთში ვერ ჩაეწერა, არ ჩაწერეს, ამოიღეს სიიდან, თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ თქვენი ხმაც გამოიყენოთ მათთვის და თქვენი ხმა დაიცვათ ორმაგად.
ამ ხმის დასაცავად საჭიროა დამკვირვებლები, არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ ტრენინგებს, სადაც უნდა ჩაეწეროთ, მე მინდა, მივმართო უფრო ახალგაზრდებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და თქვენი მომავალი არის ის, რაც წყდება 26 ოქტომბერს. ამიტომ, თქვენი დიდი პასუხისმგებლობაა და თქვენ უთუოდ იქნებით ძალიან კარგი დამცველები თქვენი ხმების. არსებობს ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა არასამთავრობოებს, სწორედ ამ ტრენინგებისთვის და დამკვირვებლებისთვის, ეს არის ჩემი ხმა და მე მინდა, რომ მოგიწვიოთ და თქვენ ყველამ იგრძნოთ ეს პასუხისმგებლობა, რასაც ჰქვია დამკვირვებლობა, რომელიც არის ჩვენი, ყველას გამხნევება არჩევნების დღეს
და რაც მთავარია - მობილიზაცია, მისვლა არჩევნებზე. არაერთხელ მითქვამს და ბევრჯერ კიდევ გავიმეორებ, რომ მთავარი დამარცხება გაყალბების, რომელიც მზადდება ყველა მხრიდან და ამას ძალიან კარგად ვხედავთ, არის მობილიზაცია. არის ყველას მისვლა. ასე რომ თქვენი, ჩემი, ყველას ჩვენი ვალდებულებაა, მივიდეთ არცევნებზე, არცერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებლი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ, მისი დამოუკიდებლობა დავიცვათ, დავიცვათ მისი ევროპული მომავალი, ეს ჩვენს ხელშია" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





