აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ "აქტიური განხილვა" მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ როგორი პასუხი უნდა გასცეს ისრაელმა ირანს ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შემდეგ. ბაიდენის თქმით, ირანისთვის შედეგებს "დრო გვიჩვენებს".
თეთრ სახლში რეპორტიორებთან საუბრისას ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იგი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაელაპარაკება, თუმცა არ დაუკონკრეტებია როდის.
ბაიდენის თქმით, ირანის თავდასხმა, როგორც ჩანს, "ჩავარდა და არაეფექტური იყო".
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე "სრული მხარდაჭერა" გამოხატა ისრაელის მიმართ:
"შეცდომაში არ შეხვიდეთ, აშშ სრულად, სრულად უჭერს მხარს ისრაელს". - თქვა ბაიდენმა.
ისრაელის თქმით, 1-ელ ოქტომბერს ირანმა მათი მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელთა "დიდი რაოდენობის" განეიტრალებაც ისრაელმა შეძლო. ირანული რაკეტებისგან ისრაელის დაცვის პროცესში ასევე ჩართული იყო აშშ-ც, ხოლო იორდანიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატში განაცხადეს, რომ ირანიდან ისრაელისკენ გაშვებული დრონები და რაკეტები იორდანიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლის დროს გაანეიტრალა.
IDF-ის ცნობით, ირანის იერიშის შედეგად "ძალიან ცოტა დარტყმა" მოხდა და ამ ეტაპზე, მათი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, რადგან "მოსახლეობა პასუხისმგებლობიანად მოიქცა".
მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა პირობა დადო, რომ ირანის თავდასხმას ისრაელი პასუხს გასცემს: "ამ [სარაკეტო] იერიშს შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვაქვს გეგმები და ჩვენს მიერ შერჩეულ დროსა და ადგილზე ვიმოქმედებთ". - განაცხადა IDF-ის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.





