ირანის თავდასხმა ისრაელზე

ისრაელისკენ გაშვებული ირანული ბალისტიკური რაკეტები აშშ-მ და იორდანიამაც გაანეიტრალა

ირანის თავდასხმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით, 1-ელი ოქტომბერი, 2024
Menahem Kahana/AFP via Getty Images

აშშ-ს თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ახლო აღმოსავლეთში განლაგებულმა ამერიკულმა შეიარაღებულმა ძალებმა "ისრაელის მიმართულებით ირანიდან გაშვებული რაკეტების" განეიტრალებაში მონაწილეობა მიიღეს.

რეგიონში აშშ-ს სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა ჰყავს განთავსებული, რომელსაც რაკეტების განეიტრალება შეუძლია, მათ შორის, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში საესკადრო ნაღმოსნები, არაბეთის ზღვაში ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი და ასევე ავიაგამანადგურებლების ესკადრილიები. ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ირანული რაკეტების განადგურებაში მონაწილეობა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსნებმა მიიღეს.

ამასთანავე, იორდანიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატში განაცხადეს, რომ ისრაელისკენ ირანის მიერ გაშვებული დრონები და რაკეტები იორდანიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმაც გაანეიტრალა.

"იორდანიის სამეფო საჰაერო ძალებმა და საჰაერო თავდაცვის სისტემებმა პასუხი გასცეს რაკეტებსა და დრონებს, რომლებიც იორდანიის საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ". - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

კომენტარები