დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

IDF: ღამით ბეირუთში იერიშების სამიზნე ჰეზბოლას იარაღის წარმოების რამდენიმე ობიექტი იყო

AFP

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ ღამით ბეირუთში, დაჰიეს სამეზობლოში, იერიშების სამიზნე ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის რამდენიმე ობიექტი, იარაღის საწარმოები და სხვა სახის სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო.

"ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლა განზრახ აშენებს შეიარაღების საწარმოებსა და სამხედრო ობიექტებს ბეირუთის შუაგულის ქვეშ და მათ ქალაქის დასახლებულ ცენტრებში დგამს". - აცხადებს IDF-ი და ამატებს, რომ ისინი ოპერაციას განაგრძობენ, "რათა ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების აღდგენა უზრუნველყონ".

1 ოქტომბრის დილიდან ისრაელმა ლიბანის სამხრეთში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიმიტირებული და ლოკალური სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

IDF-ის განცხადებაში  ნათქვამია, რომ ოპერაცია "ჩრდილოეთის ისრები" ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების პარალელურად გაგრძელდება. ასევე ხაზგასმულია, რომ სახმელეთო ძალები საჰაერო ძალებისა და არტილერიის მაღალი სიზუსტის დარტყმებით მხარდაჭერას იღებენ.

ოპერაციის დაწყებამდე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა თქვა, რომ ისრაელმა აშშ-ს ლიბანში რიგი მცირემასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციების დაგეგმვის შესახებ შეატყობინა.

სექტემბერში ისრაელმა ჰეზბოლას წინააღმდეგ იერიშებისა და თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო. 17-18 სექტემბერს ლიბანში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, რის ფარგლებშიც ჰეზბოლას წევრებს ჯერ პეიჯერები, მეორე დღეს კი პორტატიული რაციებიც აუფეთქდათ, ისრაელის პრემიერმინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და IDF-ის მეთაურმა განცხადებები გაავრცელეს, რაც ჰეზბოლასთან მიმართებით ვითარების გამწვავებაზე მიანიშნებდა. ხოლო 27 სექტემბერს, ისრაელის მიერ ბეირუთში ჰეზბოლას შტაბ-ბინაზე მიტანილი იერიშის შედეგად, ტერორისტული დაჯგუფების მეთაური, ჰასან ნასრალა დაიღუპა.

კომენტარები