მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
რასაც ვაკეთებთ, ამას ჩვენი ხალხისთვის ვაკეთებთ, რათა ერთ დღეს შვილებთან ერთად ვიცხოვროთ ერთ ბედნიერ და განვითარებულ საქართველოში.
აქეთა მხარეს ჩვენ ყოველთვის გულგახსნილი შეგხვდებით, ყველა ჩატეხილი ხიდი ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენს ქვეყანაში.
ძვირფასო კოლეგებო და ჩემი ქვეყნის მეგობრებო, ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველო უახლოესი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში იმყოფება და ჩვენ, როგორც ხალხის მთავრობას განზრახული გვაქვს, ჩვენი ქვეყანა ერის ინტერესების გათვალისწინებით ვატაროთ წინ, ყველა გამოწვევა დავძლიოთ და იმაზე უფრო ძლიერი და წარმატებული გავხდეთ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ.
ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი 2030 წლისთვის განხორციელდება.





