დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

რა უნდა ვიცოდეთ ისრაელსა და ჰეზბოლას შორის კონფლიქტის "ახალ ფაზაზე"

ღაზის სექტორზე მიტანილი იერიშები, 2023 წლის 2 ნოემბერი
Fadel Senna/AFP

19 სექტემბერს ისრაელის არმიამ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის სამიზნეებზე იერიშების ახალი ტალღა დაიწყო. ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, იერიშები საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს მოიცავდა.

17-18 სექტემბერს ლიბანში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, რის ფარგლებშიც ჰეზბოლას წევრებს ჯერ პეიჯერები, მეორე დღეს კი პორტატიული რაციებიც აუფეთქდათ, ისრაელის პრემიერმინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და IDF-ის მეთაურმა განცხადებები გაავრცელეს, რაც ჰეზბოლასთან მიმართებით ვითარების გამწვავებაზე მიანიშნებდა.

ამასთანავე, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა განაცხადა, რომ "გრავიტაციის ცენტრი" ჩრდილოეთით ინაცვლებს და ისრაელი-ლიბანის საზღვრისკენ დამატებითი ძალებისა და რესურსების გადაგზავნის შესახებ ცნობები გაავრცელა.

"მე მჯერა, რომ ამ ომში ახალი ფაზის დასაწყისში ვართ, და ჩვენ ადაპტაცია გვჭირდება". - განაცხადა გალანთმა.

თავის მხრივ, ისრაელთან ბრძოლაში "ახალი ფაზის" დაწყების შესახებ განაცხადა ჰეზბოლას ლიდერის მოადგილემ, ნაიმ ქასემმაც, რომელმაც პირობა დადო, რომ დაჯგუფება ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას მანამ გააგრძელებს, სანამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დაიდება.

რა ვითარებაა ამ დროისთვის?

IDF-ის წარმომადგენლის თქმით, ისრაელი "ომებს არ ეძებს", მაგრამ იგი მზადაა, ქვეყნის ჩრდილოეთის საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, "ყველაფერი გააკეთოს, რაც საჭიროა". ჰაგარის თქმით, IDF ლიბანის სამხრეთში სახმელეთო ოპერაციისთვისაც არის მზად.

IDF-ის ცნობით, ბოლო დღეებში ისრაელმა ჰეზბოლას 1 600 სამიზნეზე მიიტანა იერიში. ისრაელის არმიის თქმით, ოპერაციის ფარგლებში ისინი იმ ინფრასტრუქტურის განადგურებას ცდილობენ, რომელიც ტერორისტულმა დაჯგუფებამ 2006 წლის ლიბანის ომის შემდეგ ააშენა. პარალელურად, ჰეზბოლამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 23 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ლიბანის მოსახლეობას მიმართა. მისი თქმით, "ისრაელი თქვენთან [ლიბანელებთან] ომში არაა, ჰეზბოლასთან აქვს ომი".

"ზედმეტად დიდი ხნის მანძილზე ჰეზბოლა თქვენ [ლიბანის მოსახლეობას] ცოცხალ ფარად გიყენებდათ. იგი თქვენს სახლებსა და გარაჟებში რაკეტებს ათავსებდა. ეს რაკეტები კი პირდაპირ ჩვენს ქალაქებზე, ჩვენს მოქალაქეებზე არის დამიზნებული. იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი ჰეზბოლას დარტყმებისგან დავიცვათ, ჩვენ ეს იარაღები უნდა გავანადგუროთ". - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერის თქმით, IDF-მა ლიბანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა, ხოლო ნეთანიაჰუმ ლიბანელებს სთხოვა, ამ გაფრთხილებას მოუსმინონ და სახლებში მხოლოდ ოპერაციის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ.

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, გამწვავებული კონფლიქტისა და ნეთანიაჰუს მოწოდების შემდეგ, სამხრეთ ლიბანიდან მოსახლეობამ ჩრდილოეთის მიმართულებით ევაკუაცია დაიწყო. 23 სექტემბერს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ლიბანის მოსახლეობა წინასწარ ჩაწერილი სატელეფონო ზარებით გააფრთხილა და საკუთარი უსაფრთხოებისთვის მათ სახლების დატოვებისკენ მოუწოდა.

როგორ აისახება დაძაბულობა რეგიონზე?

პენტაგონის თქმით, რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით მცირე ზომის სამხედრო ნაწილს გაგზავნის. თუმცა, პენტაგონის პრეს მდივანს, გენერალ-მაიორ პატ რაიდერს დამატებითი ძალების ზუსტი რიცხვი ან მისი დანიშნულება არ დაუსახელებია. რეგიონში ამ დროისთვის აშშ-ს 40 000 სამხედრო იმყოფება.

აგვისტოს თვეში აშშ-მ რეგიონში მე-2 ავიამზიდი, USS Abraham Lincoln, გაგზავნა. ავიამზიდზე F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებია განთავსებული და იგი რეგიონში უკვე განლაგებულ ამერიკულ ხომალდებს შეუერთდება, მათ შორის ავიამზიდ USS Theodore Roosevelt-საც, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ივლისის თვის შუა რიცხვებში გაგზავნეს. ავიამზიდების გარდა რეგიონში ჩავიდა მართვადი რაკეტებით შეიარაღებული ამერიკული წყალქვეშა ნავი USS Georgia-ც.

ამასთანავე, ბოლო პერიოდის მოვლენებს ავიახაზების მხრიდან ისრაელის მიმართულებით ფრენების გაუქმება მოჰყვა, მათ შორის არიან: United Airlines, Delta Airlines, American Airlines, Lufthansa Group, British Airways, Ryanair, Wizz Air.

ჰეზბოლასა და ისრაელს შორის კონფლიქტის გამწვავებას ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანიც გამოეხმაურა, რომელმაც 23 სექტემბერს განაცხადა, რომ ირანს არ სურს, ღაზაში მიმდინარე ომი ლიბანი-ისრაელის საზღვარზეც გავრცელდეს.

მისი თქმით, ისრაელი ამბობს, რომ უფრო ფართო ომი არ სურს, მაგრამ ამის საპირისპიროდ მოქმედებს, რის მაგალითადაც ფეზეშქიანმა პეიჯერების, პორტატიული რაციებისა და სხვა მოწყობილობების აფეთქება, ასევე თეირანში ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობა დაასახელა.

"მათ [ისრაელს] იმ მიმართულებით მივყავართ, საითაც წასვლა ჩვენ არ გვინდა". - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. ფეზეშქიანის თქმით, "ომში გამარჯვებული არ არსებობს. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავებს ვატყუებთ". - თქვა მან.

ამას გარდა, ფეზეშქიანმა ცალსახა პასუხი არ გასცა ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა ისრაელის მიმართ ირანის პასუხი უფრო პირდაპირი.


17 სექტემბერს ლიბანში ერთდროულად ასობით პეიჯერი აფეთქდა, რომლებსაც ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ატარებდნენ. თვითმხილველების თქმით, მათ შარვლების ჯიბეებიდან კვამლი დაინახეს, რასაც მალევე აფეთქება მოჰყვა. მეორე დღეს, 18 სექტემბერს ლიბანში ჰეზბოლას მიერ გამოყენებული პორტატიული რაციებიც აფეთქდა.

მაღალჩინოსნების ცნობით, აფეთქებები მაღაზიებში, სახლებსა და მანქანებში ერთდროულად მოხდა, რის შედეგადაც ჯამში, სულ მცირე, 39 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 000-ზე მეტი დაიჭრა. მოგვიანებით, ჰეზბოლამ ლიბანში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა, თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა, მოწყობილობების აფეთქებებთან ისრაელის კავშირი უარყო.

კომენტარები