გადატრიალების მცდლეობა სომხეთში

სომხეთი: აღკვეთილია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ბრალდებულია შვიდი ადამიანი

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეზე 3 ადამიანი დააკავა, 4 კი ამ დრომდე იძებნება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოძიების შედეგად დგინდება, რომ შვიდი ბრალდებულიდან ხუთი სომხეთის მოქალაქეა, დანარჩენი ორი კი მთიანი ყარაბაღის ყოფილი მაცხოვრებელი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა დაიქირავეს სომხეთის მოქალაქეები და მთიანი ყარაბაღის ყოფილი მაცხოვრებლები, რომლებსაც თვეში 220 000 რუსულ რუბლს უხდიდნენ. შემდეგ ისინი გაგზავნეს 3-თვიან წვრთნაზე დონის როსტოვში, სადაც მათ "ახალი ტიპის მძიმე იარაღის მართვა" უნდა შეესწავლათ.

მოგვიანებით კი გადაბირებულებს გაუმხილეს, რომ წვრთნების საბოლოო მიზანი სომხეთში დაბრუნება და მოქმედი ხელისუფლების დასამხობად გადატრიალებაში მონაწილეობა იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შემდეგ, სომხეთის ზოგიერთმა მოქალაქემ გადატრიალებაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სამშობლოში დაბრუნდა.

გამოძიების ცნობით, ჯგუფს რუსეთში თანამზრახველები ჰყავდა, თუმცა, მათი ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

კომენტარები