ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალი: ველით, რომ ივანიშვილის განცხადებას მალე მოჰყვება იურიდიული დოკუმენტი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების ლიდერების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. 

ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ქართველებმა ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჩვენს ოს დებს და ძმებს.

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული ხელისუფლება იმედს გამოთქვამს, რომ ივანიშვილის მიერ გამოჩენილი კეთილგანწყობა უახლეს პერიოდში იურიდიულ ფორმასაც მიიღებს. 

"როგორც მოსალოდნელი იყო, 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო ოსი ხალხისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ ქართული ოცნების თავჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მოჰყვა პრემიერმინისტრ კობახიძისგან თქმა, რომ არავინ საქართველოში ამის გაკეთებას არ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ ბატონი კობახიძის პოზიცია, რომელიც სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მებრძოლ მის თანამემამულეებს მიიჩნევს გმირებად და მკვლელებად მიიჩნევს ოსებს, რომლებიც იცავდნენ საკუთარ მიწას, შესაბამისობაშია საქართველოში დანერგილ რეალობის დამახინჯებულ აღქმასთან. 

საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, საქართველო-ოსეთის ურთიერთობა, ყველა ვარიანტში გამოყენებული იქნება წინასაარჩევნო შიდაპოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტში. თუმცა, ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა ვერ იქნება დამოკიდებული საქართველოში კონკრეტულ მომენტში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე. 

სამწუხაროდ, ოსი ხალხის ისტორიაში ძალიან ბევრი სისხლიანი კვალი და მოუშუშებელი ჭრილობაა საქართველოსა და ქართველი პოლიტიკოსების 1920, 1989-2004 და 2008 წლების პოლიტიკის გამო. 

წარსულის ქმედებების გააზრების წინასაარჩევნო პროცესში წარმოჩენილი კონკრეტული ტენდენცია მიანიშნებს, რომ მომავალში პრაქტიკული ზომები მიიღება. 

ჩვენ გვაქვს მოლოდინი, ეს რეალური ნაბიჯი, რომელიც ამტკიცებს გულწრფელ კეთილგანწყობას, რაც ბატონმა ივანიშვილმა გააჟღერა, უახლოეს პერიოდში იქცევა იურიდიულ დოკუმენტად, რომლითაც საქართველო უარს იტყვის ძალის გამოყენებაზე, ან მის შესახებ მუქარაზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების მიმართ. 

სამხრეთ ოსეთს აქვს განვითარების ისტორიულად გააზრებული ვექტორი, რომელიც გამომდინარეობს ყოვლისმომცველი და ინტეგრაციული ურთიერთობის გაძლიერების საჭიროებით რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტორია, ასევე, რომლის ტერიტორიაზეც გაყოფილი ოსეთის მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს" – წერია განცხადებაში.

ივანიშვილმა გორში პარტიულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პირობა დადო, რომ ქართული ოცნება ჩაატარებს "ქართული ნიუნბერგის პროცესს", რაც ოლიგარქის თქმით, აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა.

 

კომენტარები