აშშ-საქართველო

ნაცვლიშვილი: სანქცირებული ხელისუფლების პირობებში, ქვეყანა ევროკავშირში ვერ შევა

IPN

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა თქვა, რომ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება და ასეთი მთავრობა ქვეყანას ვერანაირ სიკეთესა და წარმატებას ვერ მოუტანს.

"ეს სანქციები, რაც აშშ-მ დააწესა, იმის მორიგი მტკიცებულებაა, რომ ქართული ოცნება ემსახურება არა საქართველოსა და ქართველ ხალხს, არამედ რუსეთს. სწორედ ამიტომ, ცივილიზებული სამყარო მათ უკვე სანქციების ენით ესაუბრება. სანქცირებული ხელისუფლების პირობებში, ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება - მეტიც, საქართველოს გაუჭირდება, შეინარჩუნოს ის თუნდაც ძალიან მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობაც კი, რაც დღეს გვაქვს.

სანქცირებული ხელისუფლების მიმართ ნდობა დემოკრატიულ სამყაროში აღარავის აღარ აქვს. არცერთ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ფორუმზე, სანქცირებულ პირებს სერიოზულად აღარავინ დაელაპარაკება. ეს ადამიანები საქართველოს წარმომადგენლები ვეღარ იქნებიან და სანქცირებული ხელისუფლება ქვეყანას ვერანაირ სიკეთესა და წარმატებას ვერ მოუტანს". - ამბობს ნაცვლიშვილი.

გუშინ, 16 სექტემბერს აშშ-მ სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების ორ თანამდებობის პირს, - შსს-ს სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, ზვიად "ხარება" ხარაზიშვილს და მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. ასევე, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის, მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობრივი თავდასხმების გამო, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ძალადობრივი ექსტრემისტული დაჯგუფება ალტ-ინფოს ორი ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.

გარდა ამისა, 

სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა 60 პირსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში მონაწილეობდნენ.

ამ პირებში შედიან:

  • მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის ფიგურები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს საკუთარი ძალაუფლება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შესაზღუდად;
  •  ბიზნესების ხელმძღვანელები, რომლებიც ჩართული იყვნენ კორუფციულ საქმიანობაში;
  • პირები, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და ახალისებდნენ ძალადობრივ ექსტრემიზმს;
  • სამართალდამცველები, რომლებიც ჩართული იყვნენ დემონსტრანტების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც კრიტიკული როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონის დაწინაურებასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.

 

კომენტარები