საქართველო-ბელარუსი

საქართველოში ბელარუსი ჟურნალისტი, ანდრეი მიალეშკა არ შემოუშვეს

ანდრეი მიალეშკა
Андрэй Мялешка/Facebook

საქართველოში ბელარუსი ჟურნალისტი, ანდრეი მიალეშკა და მისი მოზარდი ქალიშვილი არ შემოუშვეს. მიალეშკა ევროპაში სამოგზაუროდ იყო წასული და 16 სექტემბერს იგი საქართველოში პოლონეთიდან ბრუნდებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტი გამოცემა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს უყვება

მიალეშკას თქმით, მას ქუთაისის აეროპორტში პასპორტი შეუმოწმეს, რის შემდეგაც სპეციალურ განყოფილებაში გადაიყვანეს და უთხრეს, რომ იგი პოლონეთში უნდა დაბრუნებულიყო. 

მიზეზი, თუ რატომ არ შემოუშვეს ბელარუსი ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიაზე, უცნობია. დოკუმენტშიც, რომელიც მიალეშკას აეროპორტში გადასცეს, დაკონკრეტების გარეშე, "სხვა მიზეზებია" მითითებული.

მიალეშკას თქმით, როდესაც მან საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, ჰკითხეს, თუ "რატომ არ მოითხოვა ეს საქართველოში ცხოვრების 3 წლის განმავლობაში". ერთ-ერთმა თანამშრომელმა კი უთხრა, რომ მას პოლონეთში დეპორტაცია ელოდა. 

მიალეშკას ცნობით, იგი, შვილთან ერთად, ამჟამად ქუთაისის აეროპორტში, მათთვის გამოყოფილ ოთახში, არასახარბიელო პირობებში იმყოფებიან. 

ბელარუსმა ჟურნალისტმა საქართველოს ომბუდსმენს წერილი უკვე გაუგზავნა. 

როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური წერს, ანდრეი მიალეშკა საქართველოში, კერძოდ, ბათუმში 3 წელია, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ბათუმში საერთაშორისო განათლების ცენტრშია დასაქმებული, ხოლო შვილები ბელარუსულ-უკრაინულ სკოლაში ონლაინ-რეჟიმში სწავლობენ. 

კომენტარები